ფეხბურთი

19:00 | 12.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭიაბრიშვილი: “გია გეგუჩაძე კარგი კანდიდატურაა”

საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” სპორტული დირექტორი და გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი, საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცის პოსტზე გია გეგუჩაძის დანიშვნას ემხრობა. ამის შესახებ მან “საბურთალოს” ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში განაცხადა.

- რა შეფასებას მისცემთ პირველ წრეს? რამდენად კმაყოფილი ხართ მიღწეული შედეგით?

- სასიამოვნო და სასიხარულოა, როდესაც დამაჯერებლად ვლიდერობთ გათამაშებას, მაგრამ ჯერ მხოლოდ საქმის ნახევარი გვაქვს გაკეთებული, წინ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. წლეულს მეორედ ვასპარეზობთ პირველ ლიგაში, შედეგი უკეთესი უნდა გვქონოდა, ვიდრე გასულ წელს, მაგრამ თუ ამ დონეზე ჩავატარებდით სეზონს და ამხელა ჰანდიკაპით ვიქნებოდით წინ, არ მეგონა. თუმცა, თამაშებმა დაგვანახა, რომ მეტოქე კლუბებზე უკეთ ვიყავით მომზადებულები, ლამაზ და სანახაობრივ ფეხბურთს ვთამაშობდით, ბოლომდე ვიბრძოდით.

- პირველ წრეში "საბურთალომ" 18 მატჩი გამართა, გუნდის თამაშის ხარისხზე რას იტყვით?

- იმ მატჩებიდან, რომლებიც პირველ წრეში გავმართეთ, ძირითადად სანახაობრივი და ხარისხიანი ფეხბურთი ვაჩვენეთ. ბევრი იყო შედეგიანი მატჩები, ლამაზი გოლები, კომბინაციური თამაშები. იყო სტადიონები, სადაც ელემენტალურად ბურთს ვერ გააგორებდი, ასეთ საფარზე ძნელია ლამაზი ფეხბურთი შესთავაზო გულშემატკივარს, თუმცა მთლიანობაში კმაყოფილი ვარ. ვინც სისტემატურად ადევნებდა ჩვენს მატჩებს თვალყურს, შეამჩნევდა თუ როგორ სათამაშო სტილს ვანიჭებთ უპირატესობას. იმედი მაქვს ჩვენს მიერ არჩეულ გეზს პატარა საბურთალოელებიც მიბაძავენ.

- პირველ წრეში გუნდი 4-3-3 სქემით თამაშობდა. მომავალშიც ამ ტაქტიკით გააგრძელებთ ასპარეზობას?

- ახლა, ცოტა რთულია ამაზე საუბარი, რადგან ტაქტიკას ვირჩევთ იქიდან გამომდინარე თუ როგორი სტილის გუნდია ჩვენი მოწინააღმდეგე, როგორ ფეხბურთს თამაშობს, რა კონტიგენტით გვიწევს ასპარეზობა. საერთოდ, სამი ფორვარდით თამაშს ვემხრობი, რადგან უფრო მომგებიანი და შედეგიანია.

- "საბურთალოს" პირველ გუნდში ძირითადად სკოლის აღზრდილები ირიცხებიან, თუმცა 2-3 ფეხბურთელი სეზონის სტარტზე შეუერთდა კლუბს. რამდენად გაამართლეს იმედები მცველმა - ნოდარ იაშვილმა და ფორვარდმა გიორგი ფხაკაძემ?

- კლუბში, როდესაც კვალიფიციური ახალგაზრდები ირიცხებიან, რთულია ახალი კადრების მიყვანა, რადგან ეს ყველაფერი გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. შესაძლოა, ახალწვეულებმა შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინონ, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში დადებითად მოხდა - როგორც იაშვილმა, ასევე ფხაკაძემ საგრძნობლად გაგვაძლიერეს და შემიძლია თამამად გითხრათ, რომ კარგად წარმოაჩინეს თავი. ახალწვეულებით კარგი შევსება მივიღეთ, ამით კონკურენცია კიდევ უფრო გაიზარდა გუნდში.

- აქვე კლუბის ერთადერთ ლეგიონერზეც გკითხავთ - მუჰამედ დიოპი თუ რჩება "საბურთალოში"?

- ჩემი დიდი სურვილია, რომ დიოპი დარჩეს კლუბში, რადგანაც დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია. ვფიქრობ, დღესდღეობით მსგავსი დონის ლეგიონერი საქართველოში არ მოიძებნება. მართალია, გარკვეულ დროს ტრავმიანობდა და ჰქონდა მცირე ჩავარდნები, მაგრამ კვალიფიციური ფეხბურთელია და ბევრი დადებითი თვისება გააჩნია. როგორც ვიცი, სენეგალელს სხვა კლუბებიდან შეთავაზებები აქვს, მაგრამ კონტრაქტით რამდენიმე თვე კიდევ ჩვენ გვეკუთვნის. ყველაფერი მალე გადაწყდება, ჩვენთან გააგრძელებს კარიერას თუ დატოვებს გუნდს.

- მომავალი გეგმები, მზადება... როდის იკრიბება "საბურთალო"?

- 15 დეკემბერს შევიკრიბებით და მეორე წრისთვის დავიწყებთ ინდივიდუალური პროგრამით მზადებას. ვიქირავეთ ფიტნეს დარბაზი, სადაც კვირაში სამჯერ ძალაზე ვიმუშავებთ, ასევე დრო დაეთმობა აერობულსაც. ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს წინ რთული ნახევარი სეზონი ელით, მათ არა აქვთ უფლება, რომ სათანადოდ ვერ მოემზადონ. 16-17 იანვარს სამედიცინო შემოწმებას გავივლით, მივიღებთ პასუხებს, რამდენად ჯანმრთელად არიან ფეხბურთელები, 18-ში დავისვენებთ, 19 რიცხვში კი ადგილზე ორი კვირის განმავლობაში მოვემზადებით. 1 თებერვალს გეზს თურქეთისკენ ავიღებთ, სადაც 16 თებერვლამდე დავრჩებით. ამ დროის განმავლობაში ხუთ სპარინგ-შეხვედრას ჩავატარებთ, მინდა რომ ყველა მეტოქე უმაღლესი ლიგის ბინადარი იყოს. ჯერ მოწინააღმდეგეები არ არის ცნობილი, თუმცა ამ ეტაპზე რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ სიტყვიერი შეთანხმება არსებობს და 3 თებერვალს ბულგარეთის ერთ-ერთ უმაღლეს-ლიგელს გავეჯიბრებით.

- "საბურთალოს" ფეხბურთელები მრავლად არიან წარმოდგენილნი, როგორც 17, ასევე 19 წლამდელთა ნაკრებებში. ასაკობრივ ნაკრებებს მაისსა და ივნისში მნიშვნელოვანი მატჩები ელით, მანამდე კი სავარაუდოდ შეკრებები ექნებათ. არა და, იმ პერიოდში ქვეყნის პირველობა პირველ ლიგაში ასე ვთქვათ, გახურებული იქნება. გაზაფხულის დადგომამ, ხომ არ შეიძლება თავისებური სირთულეები შექმნას ფეხბურთელებთან დაკავშირებით?

- საფეხბურთო კლუბი 'საბურთალო" ყოველთვის იცავდა ქვეყნის ინტერესებს და ამჯერადაც ასე იქნება. ვიმედოვნებ, რომ ფეხბურთის ფედერაციასთან გამოსავალს ვიპოვით და ერთობლივად მოვილაპარაკებთ ისე, რომ არც ერთის საქმე არ დაზიანდეს. რა თქმა უნდა, ასაკობრივ ნაკრებებს პრინციპული მატჩები ელით და ყველანაირად გვერდში დავუდგეთ, მაგრამ ჩემპიონატში ჩვენც რთული თამაშები გვექნება. პირველ ადგილზე ვართ და გვინდა ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.

- საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრება ხსენებულ ნაკრებებზე - რა შანსები აქვთ 17 და 19 წლამდელთა ნაკრებებს ელიტ-რაუნდის დასაძლევად?

- ერთი შეხედვით, 17 წლამდელების ჯგუფი უფრო შედარებით იოლია, ვიდრე 19 წლამდელების, თუმცა ორივე ნაკრებს წინ დიდი ბრძოლები ელის. ორივე ჯგუფს დადებითი მხარეები აქვს - 17 წლამდელთა ნაკრებების ჯგუფიდან კარგია რომ შემდეგ ეტაპზე ორი გუნდი გადის, ხოლო 19 წლამდელების უპირატესობა ისაა, რომ ხსენებულ გათამაშებას საქართველოს დედაქალაქი მასპინძლობს. ჯგუფში, როდესაც გყავს ესპანეთისა და პორტუგალიის ნაკრები, ძალიან რთულია პირველი ადგილის დაკავება. ამ ქვეყნის ფეხბურთელები ევროპის წამყვან კლუბებში ასპარეზობენ, თუმცა ჩვენს ნაკრებებშიც არიან ნიჭიერები, ტექნიკურები, რომლებსაც წარმატებით თამაში შეუძლიათ. ასევე მინდა გამოვყო სამწვრთნელო შტაბი - გიორგი დევდარიანი და მისი სტაფი საკმაოდ კვალიფიციურია. მეიმედება და მჯერა წარმატებით გამოსვლას შეძლებენ.

- საქართველოს ნაკრები ამ ეტაპზე უმწვრთნელოდაა. თქვენ, რომელ და როგორ სპეციალისტს მიიჩნევდით სასურველად?

- ეს უბრალოდ ჩემი აზრია და ვფიქრობ, რომ გია გეგუჩაძე კარგი კანდიდატურაა. მას გამოცდილებაც საკმაო აქვს, იცის ახალგაზრდებთან მუშაობა, კარგ ანალიზს უკეთებს თამაშებს, თავის საქმის პროფესიონალი და ერთგული ადამიანია.

- თქვენ, უმაღლესი ლიგის კლუბშიც გიმუშავიათ, მაშინ "ზესტაფონი" რომ იტყვიან სათამაშო ფორმის "ზენიტში" იყო. რა განსხვავებებს ხედავთ უმაღლესსა და პირველ ლიგებს შორის?

- მაშინ, უძლიერესთა ლიგაში მუშაობა სხვაგვარი იყო - ყველა ჩემპიონობასა და შემდეგ ევროტურნირებზე წარმატებულ თამაშს ითხოვდა. უმაღლესსა და პირველ ლიგებს შორის დიდი სხვაობაა სათამაშო კლასში, ინფრასტრუქტურაში. უმაღლესში მხოლოდ ბრძოლით ფონს ვერ გახვალ, ბევრად გამოცდილი გუნდები თამაშობენ, თუმცა იქაც არიან ისეთი კლუბები, რომლებიც არ აღემატებიან პირველ ლიგაში მყოფ კლუბებს.

- საუბრის ბოლოს ერთი ასეთი კითხვა მექნება - რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქართულ ფეხბურთში, რომ საწყის ეტაპზე მცირე პროგრესი მაინც გვქონდეს?

- სახელმწიფო აუცილებლად უნდა დაეხმაროს სპორტს, სხვანაირად გაჭირდება პროგრესი, ასევე კერძო ბიზნესი უნდა ჩართოს აქტიურად. ის ბიზნესმენი რაღაცით უნდა დააინტერესოს, რომ გაუჩნდეს სურვილი ფეხბურთში ფულის დაბანდების.

რა თქმა უნდა, დიდი როლი აკისრია ფეხბურთის ფედერაციას, რომელიც მთავარი მმართველია სპორტის ამ სახეობის. კლუბები არ უნდა იყვნენ სხვებზე დამოკიდებულნი იმის იმედად, რომ სეზონის სტარტზე, შუაში თუ მიწურულს გარკვეულ დახმარებას მიიღებს. აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა, რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი მინდვრები გვქონდეს, რომ თამაშის სანახაობამ მოიმატოს. პირადად, არ მიმაჩნია მართებულად, როდესაც ჩემპიონატში გუნდების რაოდენობა იზრდება იმ დროს, როდესაც კლუბებს ელემენტარულად მასპინძლობის საშუალება არა აქვთ და გუნდები ერთი და იგივე სტადიონებზე თამაშობენ საშინაო შეხვედრებს.

fcsaburtalo.ge

ლაზიკა   3 - 1    სასკო

შემადგენლობა

მოვლენები

საბურთალო   2 - 0    ს.ტ.უ.

შემადგენლობა

მოვლენები

სამგურალი   1 - 0    მაჭახელა

შემადგენლობა

მოვლენები

ლოკომოტივი   8 - 0    ადელი ბათუმი

შემადგენლობა

მოვლენები

ჩხერიმელა   1 - 2    ჭიათურა

შემადგენლობა

მოვლენები

ბორჯომი   0 - 3    მეშახტე

შემადგენლობა

მოვლენები

ბეთლემი   0 - 1    მერცხალი

შემადგენლობა

მოვლენები

გაგრა   2 - 1    კოლხეთი ხობი

შემადგენლობა

მოვლენები

სქური   1 - 0    ზოოვეტი

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო II   0 - 3    საპოვნელა

შემადგენლობა

მოვლენები

სტატისტიკა
0.292289