ფეხბურთი

12:37 | 27.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მალხაზ ასათიანი: “ანჟიში” არგადასვლა შეცდომა იყო”

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა მალხაზ ასათიანმა “სპორტ-ექსპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ 29 წლის ასაკში მახაჩყალის “ანჟიში” გადასვლაზე უარის თქმა შეცდომა იყო.

მალხაზ ასათიანი: “2010 წლის დეკემბერში “ლოკომოტივთან” კონტრაქტის ვადა ამომეწურა. რუსეთში თამაში მსურდა. ერთადერთი კლუბი, საიდანაც დამირეკეს “ანჟი” იყო, რომელიც სასწრაფოდ ჟოაო კარლოსის შემცვლელს ეძებდა. ეს მოგვიანებით მიილტვოდნენ ამ გუნდში ფეხბურთელები “ჩელსიდან” და “ინტერიდან”, როდესაც მთავარ მწვრთნელად გუს ჰიდინკი დანიშნეს და გუნდი მოსკოვში დაბინავდა. თებერვალში კი, სუპერკლუბის ნიშნებიც არ იყო. ჩემთვის ფინანსური პირობები მიუღებელი იყო და მახაჩყალაში წასვლის სურვილითაც არ “ვიწვოდი”. რა თქმა უნდა, ეს შეცდომა იყო. თუმცა, ვინ იფიქრებდა, რომ მეტი ვარიანტი აღარ მექნებოდა. ერთი სატრანსფერო ფანჯარა ველოდი, მეორე, მაგრამ არავინ შემხმინებია. საქართველოდან შეთავაზებებს არ ვთვლი. მეგონა, რომ მშობლიურ ჩემპიონატში დაბრუნებას ყოველთვის მოვასწრებდი. შემდეგ მივხვდი, რომ ერთი წელი უქმობა სერიოზული ვადაა. ძალიან ძნელია თავდაუზოგავად ვარჯიში, როდესაც სტიმული არ გაქვს. აი, ასე დავამთავრე. თუმცა, თავი არ “მიმიშვია”. ამ წონით თუნდაც ხვალ ნებისმიერ გუნდში მიმიღებენ”.

“სპორტ-ექსპრესის” კორესპონდენტი ასათიანს მოსკოვში შეხვდა, სადაც ქართველმა ფეხბურთელმა ერთ-ერთ რესტორანში ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად “ლოკომოტივის” მიერ რუსეთის ჩემპიონატის ოქროს მედლების 10 წლისთავი აღნიშნა.

“სიმართლე გითხრათ, დამავიწყდა, რომ მიმდინარე წელი ჩვენთვის საიუბილეოა. დიმა სენიკოვმა დამირეკა: “იური პალიჩი ბიჭებს აგროვებს”. ძალიან გამეხარდა. ხოხლოვი, პიმენოვი, სიჩოვი, ლოსკოვი, ევსეევი დიდი ხანი არ მენახა. პრაქტიკულად ყველა, სენიკოვის გარდა. მასთან მუდმივად ვკონტაქტობ. დავსხედით, თითო ჭიქა დავლიეთ, “ოქროს დრო” გავიხსენეთ. სამწუხაროა, რომ კლუბის ყოფილი პრეზიდენტი ფილატოვი ბოლო მომენტში ვერ მოვიდა. მისი ძალიან მადლობელი ვარ. 2004 წლის სეზონის წინ ხომ “ლოკომოტივდან” წასვლას ვაპირებდი და “ნიკოლაიჩმა” შემაკავა”, – თქვა ასათიანმა.

რუსულ გამოცემასთან საუბარში ასათიანმა მოსკოვში ყოფნის საწყისი პერიოდი გაიხსენა:

“მოსკოვში თავიდან, 2 წლის განმავლობაში ტაქსით დავდიოდი. ერთხელ, დიდი სიცხე იყო და ძველი “ჟიგული” გავაჩერე. კონდენციონერი არ ჰქონდა. მძღოლმა პლუს გამათბობელი ჩართო, რადგან ეშინოდა ძრავში წყალი არ ადუღებულიყო. “შვიდი პირი” ოფლი “გამძვრა”, კინაღამ ცოცხლად მოვიხარშე. კუტუზოვის პროსპექტზე ავტოსალონი დავინახე და დავიყვირე: “გააჩერე”. გადმოვხტი და მანქანის საყიდლად გავიქეცი. მართვის მოწმობა არ მქონდა. მოსკოვში 2 წელი ლიცენზიის გარეშე დავდიოდი. ვცდილობდი მოძრაობის წესები არ დამერღვია. იშვიათად მაჩერებდნენ. ასე რომ, ეს არც ისე ძვირი დამიჯდა”.

ამჟამად, ასათიანი ქუთაისში ცხოვრობს და ფეხბურთში არ მოღვაწეობს. მას თავისი მცირე ბიზნესი აქვს.

“ახლობლები, რომლებიც გუნდებს ავარჯიშებენ, დრო და დრო თანაშემწედ მიხმობენ. ვცდიდი, მაგრამ საწვალებელი ბევრია - უნდა ისწავლო, ლიცენზია აიღო. ახლა ეს არ მიზიდავს. როგორც მსიამოვნებს, ისე ვცხოვრობ. მარტოხელა ცხოვრებას როდის შევეშვები? არ ვიცი. ჯერ “თავისუფალი აგენტი” ვარ”, – აღნიშნა ფეხბურთელმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115385