ფეხბურთი

19:03 | 26.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” “შუქურას” კლასი უჩვენა

საქართველოს დავით ყიფიანის თასის მერვედფინალური ეტაპის ბოლო მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" თბილისის "დინამოსა" და ქობულეთის "შუქურას" შორის გაიმართა. პირველი შეხვედრა ამ გუნდების დაპირისპირებით ქობულეთში ფრედ 1:1 დასრულდა.

მატჩის დაწყებამდე "დინამოს" ფეხბურთელებმა ბანერი გამოფინეს წარწერით: "სპორტსმენები ერთიანდებიან ქალთა ძალადობის წინააღმდეგ".

მატჩი ლოგიკურად დაიწყო. "დინამო" ბევრს უტევდა, "შუქურა" კი ბურთის გამოტანას ცდილობდა. პირველი სახიფათო მომენტი "შუქურას" კართან შეიქმნა. მე-11 წუთზე გიორგი პაპავამ ოთარ კაკაბაძე საჯარიმოში თავისუფლად მდგარი მონახა, ამ უკანასკნელმა ბურთი ნიკა საბანაძეს გადააწოდა, რომლის დარტყმული კარის მარცხენა ძელს მოხვდა.

26-წუთზე დინამოელთა კარისკენ შეტევის დროს ოთარ კაკაბაძემ ლაშა ჩალაძე წააქცია. საჯარიმო დარტყმა გიორგი ჩელებაძემ ზუსტად შეასრულა და ბურთი კარის მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუშვა და რომ არა ომარ მიგინეიშვილის ზუსტი თამაში, "შუქურას" დაწინაურებას წინ არაფერი აღუდგებოდა. ორ წუთშივე "დინამოს" ჰქონდა შეხვედრაში ანგარიშის გახსნის შანსი - შეტევის მარცხენა ფლანგზე საბა ლობჟანიძე გაიჭრა, საჯარიმოს ცენტრისკენ ცოტათი ამოიწია და თეიმურაზ კაკალაძეს შორეულ კუთხეში დაურტყა, თუმცა გოლკიპერმა ბურთი ლამაზ ნახტომში მოიგერია.

მეორე ტაიმი საკმაოდ უინტერესოდ წარიმართა და საწყის წუთებში მეტოქე გუნდები ხეირიანს ვერაფერს აკეთებდნენ. ნელ-ნელა თამაში გახურდა და "დინამომ" უპირატესობა ხელთ იგდო. 57-ე წუთზე საბა ლობჟანიძე შორეული დარტყმით შეეცადა მეტოქის კარის დალაშქვრას, თუმცა კაკალაძემ კარგად ითამაშა. მალევე ზურაბ ხიზანიშვილმა გიორგი გველესიანი საჯარიმოს სიღრმეში დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ ამჯერადაც "შუქურას" მეკარემ იყოჩაღა.

71-ე წუთზე ზაზა ტუღუშმა ზვიად მეტრეველი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, ამ უკანასკნელმა კარისკენ ძლიერად დაარტყა, მიგინეიშვილმა კი ბურთი კუთხურზე გადააგდო.

კუთხურის შემდეგ "დინამომ" ბურთი კვლავ მოედნის ფარგლებს გარეთ მოიგერია. მეორედ შესრულებული კუთხური თბილისელებმა კვლავ მოიგერიეს, საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი გიორგი კუხიანიძემ მიიღო და კარში დაარტყა, თუმცა ის რიკოშეტის შედეგად დავით ხოჭოლავამ მიიღო და მიგინეიშვილის კარის დალაშქვრა არ გასჭირვებია - 0:1.

"შუქურას" ზეიმი "დინამომ" 12 წუთში შეწყვიტა. ლობჟანიძემ შეცვლაზე შემოსული გიორგი ჩირგაძე მეკარესთან პირისპირ დატოვა და ამ უკანასკნელმაც მეკარეს ახლო მანძილიდან შანსი არ დაუტოვა.

"შუქურას" კართან მეორე გოლიც მზადდებოდა და რამდენიმე მცირე სახიფათო შეტევის შემდეგ 87-ე წუთზე ლაშა პარუნაშვილის მიერ დარტყმულმა ბურთმა კაკალაძის კარის შორეული ზედა კუთხის ბადე შეარხია. მატჩის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე შერგელაშვილმა და ჯანელიძემ მეტოქის საჯარიმოში კედელი გაითამაშეს, ამ უკანასკნელმა კი იქვე მდგარ ლობჟანიძეს უპასა, რომელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია.

ასე დასრულდა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მერვედფინალური ეტაპის ბოლო მატჩი. "დინამომ" "შუქურა" დამაჯერებლად ანგარიშით 3:1 დაამარცხა. მართალია ქობულეთელებს შანსი ჰქონდათ მატჩი მინიმუმ დამატებით დროში გადაეყვანათ, თუმცა ახალგაზრდულმა "დინამომ" სიძლიერე დაამტკიცა.

მატჩის შემდეგ ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა და განვლილი შეხვედრის შეფასება გააკეთა.

კახა გოგიჩაიშვილი: "რთული თამაში გამოვიდა. ვიცოდით, რომ “შუქურა” დაცვით ფეხბურთს ითამაშებდა და ეს დამუშავებული გვქონდა კიდეც. მეორე ტაიმში შეცდომა მოგვივიდა და გოლიც გავუშვით მაგრამ სასიხარულოა, რომ ბიჭებმა მობილიზება მოახერხეს და საბოლოოდ წარმატებას მიაღწიეს. ვთვლი, რომ "დინამო" შემდეგ ეტაპზე დამსახურებულად გავიდა."

კონსტანტინ ფროლოვი: "რთული თამაში იყო. შეგვეძლო წარმატების მიღწევა, თუმცა მეტოქემ კლასი აჩვენა, განსაკუთრებით მატჩის ბოლო წუთებში."

საქართველოს დავით ყიფიანი სახელობის ეროვნული თასი. მერვედფინალი.

დინამო (თბილისი) - შუქურა (ქობულეთი) 3:1 (0:0) (პირველი მატჩი 1:1)

26 ნოემბერი. თბილისი. "დინამო არენა".

დინამო: მიგინეიშვილი, კაკაბაძე, ცინცაძე, საბანაძე (ჩირგაძე 46), ხიზანიშვილი, პარუნაშვილი, პაპავა (ჯანელიძე 77), ლობჟანიძე, ჩისკო (პაპუნაშვილი 59), გველესიანი, შერგელაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი

შუქურა: კაკალაძე, ჩალაძე, გურული, ხოჭოლავა, კალანდაძე (ბერუაშვილი 65), ტვილდიანი, კუხიანიძე, ლობე, ტუღუში (კომახიძე 75), ჩელებაძე, მეტრეველი (კოპალიანი 89).

მთავარი მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი

გოლები: 0:1 ხოჭოლავა (72), 1:1 ჩირგაძე (84), 2:1 პარუნაშვილი (87), 3:1 ლობჟანიძე (90)

გაფრთხილება: გველესიანი (70), ლობე (90)

მთავარი მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი

0.117075