სხვა

14:09 | 22.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი მხოლოდ ჰაკუჰოს და კაკურიუს ჩამორჩება

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინიშინმა ნოემბრის სუპერტურნირზე მე-11 გამარჯვება იზეიმა და მართალია, ბოლოს ტურის წინ, “იმპერატორის თასის” მოპოვების თეორიული შანსი აღარ აქვს, მიმდინარე შეჯიბრი მისთვის ძალიან წარმატებულად უნდა მივიჩნიოთ.

აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველმა გოლიათმა მორიგ წარმატებას აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა მიოგიეიუსთან ჭიდილში მიაღწია. ლევანმა სუკუინაგეთი იმარჯვა.

ტოჩინოშინის წინ მხოლოდ იოკოძუნები ჰაკუჰო (13 მოგება, 1 მარცხი) და კაკურიუ (12-2) არიან, რომლებიც უკანასკნელ ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და ჩემპიონის ვინაობასაც გაარკვევენ.

გორგაძეს თითო მოგებით ჩამორჩებიან იოკოძუნა ჰარუმაფუჯი და ოძეკი კისენოსატო. მე-14 საშეჯიბრო დღეს, ისინი, შესაბამისად, ჰაკუჰოსთან და სეკივაკე იჩინოჯოსთან დამარცხდნენ.

ბოლო ტურში ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა ტაკაიასუს გაეჯიბრება და გამარჯვების შემთხვევაში, მე-3 პოზიცია გარანტირებული აქვს, ხოლო თუკი ჰაკუჰომ კაკურიუს სძლია, ამ უკანასკნელთან ერთად მეორე-მესამე ადგილებს გაიყოფს.

უკანასკნელ ტურში გადაწყდება რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე თეიმირაზ ჯუღელის ბედი. დასავლეთის მე-5 ნომრით მოასპარეზე გაგამარუმ აღმოსავლეთის მე-4 ნომერი შოტენრო იორიკირით დაჯაბნა და თანაბარი ბალანსი (7 მოგება, 7 მარცხი) მოუგროვდა. თუკი კვირას, ქართველი სეკიტორი დასავლეთის მე-13 ნომერ ტოჩიჰირიუს აჯობებს, სატიტულო წინსვლა გარანტირებული ექნება.

0.145793