ფეხბურთი

18:46 | 21.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯანლუკა ძამბროტა: “ჩავი ბურთს არასდროს კარგავდა”

მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა ჯანლუკა ძამბროტამ იტალიურ გამოცემა “გაძეტა დელო სპორტს” ინტერვიუს მისცა, რომელშიც მან თავისი კარიერის განვლილი წლები გაიხსენა.

ძამბროტას თქმით, კალჩოპოლი თითიდან გამოწოვილი გახლდათ, რადგან იმ ხანად “იუვენტუსი” იტალიაში ყველაზე მაღლა იდგა და მსაჯების დახმარება ნამდვილად არ სჭირდებოდა. მანვე განაცხადა, რომ იმ ფეხბურთელებიდან ვის გვერდითაც ერთხელ მაინც უთამაშია, ლიონელ მესი ყველაზე გამორჩეული გახლდათ.

კარიერის საწყის ეტაპზე - “თავიდან ყველაფერი “კომოში” დაიწყო, სადაც ნახევარდაცშიც ვთამაშობდი და შეტევაშიც, შემდეგ ფასკეტიმ “ბარიში” მიმიწვია, იქედან კი “იუვენტუსში” აღმოვჩნიდი. როცა გუნდში კამორანეზი მოვიდა, ლიპიმ ჩემი დაცვაში დაწევა გადაწყვიტა, თუმცა ეს ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა”.

საუკეთესო ფეხბურთელი და სიმბოლური გუნდი - “ვის გვერდითაც მითამაშია საუკეთესო უდაოდ ლიონელ მესი იყო. ჩავი კი ყველაზე საშინელი მოწინააღმდეგე, მას ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს. რაც შეეხება ჩემს “დრიმ თიმს” - მეკარე: ბუფონი; მცველები: პესოტო, ნესტა, კანავარო, მალდინი; ნახევარმცველები: პირლო, ჩავი, ინიესტა; თავდამსხმელები: მესი, იბრაჰიმოვიჩი, რონალდინიო; მწვრთნელი: ლიპი”.

ყველაზე წარუმატებელ პერიოდზე და მწვრთნელზე - “ალბათ, “მილანში” გატარებული ბოლო პერიოდი. ალეგრის დროს სკუდეტოც მოვიგეთ, თუმცა მე იმ ფეხბურთელთა შორის ვიყავი, ვინც მოედანზე იშვიათად გადიოდა”.

2006 წლის ტრიუმფზე - “2006 წელს მოგებული მსოფლიო ჩემპიონატი ეს ჩემი კარიერის ყველაზე გამორჩეული მომენტია. მუნდიალის მოგება ყველაზე რთულია და ამავდროულად ფასეული, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ჩემპიონთა ლიგა. თუმცა 2003 წელს წაგებული ლიგის ფინალი ჩემი ყველაზე დიდი ტკივილია”.

“იუვენტუსიდან” “ბარსელონაში” გადასვლაზე - ჩემთვის კონტრაქტის გახანგრძლივება არავის შემოუთავაზებია, საბოლოოდ კი მივიღე ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება უცხოეთში თამაშის შესახებ”.

2006 წლის ცნობილი კალჩოპოლის შესახებ – “იუვენტუსის” ყოველი თამაშის მერე ათასგვარი პოლემიკა დღესაც კი იმართება თუ არბიტრი რაიმე საეჭვო გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს იმიტომ ხდება, რომ “იუვე” გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე გუნდია და მას ბევრი მტერი ჰყავს. მაშინ ჩვენ მოედანზე დამსახურებულად მოვიგეთ ტიტულები, ჩვენ გუნდში ბევრი ვარსკვლავი გვყავდა და სხვების დახმარება არ გვჭირდებოდა”.

ჯანლუკა ძამბროტას კარიერის გამორჩეული წლები “იუვენტუსში (1999-2006) და “ბარსელონაში” (2006-2008) აქვს გატარებული, 2008 წლიდან კი “მილანს” მიაშურა, სადაც დაასრულა კიდეც კარიერა 2012 წელს.

Loading...
0.110337