ფეხბურთი

16:39 | 19.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ მესხის ძეგლი “მიხეილ მესხზე”

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის მიხეილ მესხის ქანდაკება თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე გაიხსნა. ის ბრინჯაოშია ჩამოსხმული და გრანიტის კვარლცხბეკზე დგას, ძეგლის ავტორი მოქანდაკე გოგი შხვაცაბაიაა. აღსანიშნავია, რომ მიხეილ მესხი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც ნატურალურ ზომებში ქანდაკება დაუდგეს.

ძეგლის გახსნამდე სიტყვით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რეზო არველაძე გამოვიდა, რომელმაც თქვა, რომ ვეტერანი, მოქმედი ფეხბურთელები, გულშემატკივრები უნდა ამაყობდნენ, რომ ეს შესანიშნავი სტადიონი მეხეილ მესხის სახელობისაა. მან მადლობა გადაუხადა “ოქროს ბიჭებს” და კიდევ ერთხელ მიულოცა 50 წლის წინ მოპოვებული გამარჯვება. მისი თქმით, ფეხბურთის ფედერაციამ ამ ძეგლზე ფიქრი ორი წლის წინ დაიწყო და კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც გოგი შხვაცაბაიამ გაიმარჯვა.

ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ კარგი საქმე გაკეთდა, როდესაც ეს იდეა დაიბადა და ძეგლის დადგმას დიდი შრომა დასჭირდა. მან ხაზი გაუსვა, რომ თბილისის მერია მზადაა რაც შეიძლება მეტი კარგი საქმის გასაკეთებლად.

მოქანდაკე გოგი შხვაცაბაიამ აღნიშნა, რომ ქართველი ერი სამჯერ იყო ერთიანი, ორჯერ სიხარულმა გააერთიანა, ხოლო ერთხელ 9 აპრილის ტრაგედიამ. სიხარული 1964 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მოგებას და 1981 წელს ევროპის თასების თასზე გამარჯვებას უკავშირდება. მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ძეგლის შექმნაში დაეხმარა.

სპორტის მინისტრმა ლევან ყიფიანმა თქვა, რომ ძეგლის დადგმაში მისი წვლილი მინიმალურია, მაგრამ მიშა მესხი ერის სიამაყე იყო და ასეთ პატივისცემას იმსახურებდა. მას გული სწყდება, რომ ლეგენდარული ფეხბურთელის თამაშის კადრები ცოტაა შემორჩენილი.

ასევე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის საკრებულს თავჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, მიხეილ მესხის მეუღლე და ლეგენდარული ფეხბურთელის შვილიშვილი მსახიობი მიშა მესხი, ამ უკანასკნელმა ნარმანიას საჯაროდ სთხოვა, რომ მესხების ოჯახს ავაზას საფეხბურთო სკოლის დაბრუნებაში დაეხმაროს, რომელიც მისი ბაბუის ჩამოყალიბებულია.

Loading...
0.28618