ფეხბურთი

18:54 | 29.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ელგუჯა გრიგალაშვილმა კვიპროსის თასზე გაიტანა

“ოთელოსი”, სადაც ქართველი მეკარე როინ კვასხვაძე, ნახევარმცველები ლევან ხმალაძე და ელგუჯა გრიგალაშვილი გამოდიან, კვიპროსის საფეხბურთო თასის 1/8-ფინალში გავიდა. “ოთელოსმა” სტუმრად “პაფოსს” 3:0 აჯობა და მატჩში წერტილი გრიგალაშვილმა დასვა, რომელმაც გოლი 59-ე წუთზე გაიტანა.

“ოთელოსის” მსგავსად შემდეგ ეტაპზეა ფამაგუსტას “ანორთოსისი”, რომელმაც გასვლაზე მეორე ლიგის “ენადს” 4:2 აჯობა. “ანორთოსისში” ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია მოედანზე 77-ე წუთზე შევიდა, ხოლო ფამაგუსტელთა კიდევ ერთ ქართველ ნახევარმცველს ირაკლი მაისურაძეს არ უთამაშია.

უზბეკეთის უმაღლესი ლიგის 21-ე ტურში, ტაშკენტის “ფახთაქორმა”, რომელსაც კახა მახარაძე კაპიტნობს, “ბუხარა” მიიღო და 4:0 გაიმარჯვა. ქართველმა ნახევარმცველმა თავიდან ბოლომდე ითამაშა. “ფახთაქორს” 66 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ “ლოკომოტივს” უკვე 6 ქულით გაასწრო. მიმდინარე სეზონში მახარაძემ 7 გოლი გაიტანა და ტაშკენტელთა საუკეთესო ბომბარდირია.

აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-10 ტურში, ნახჩევანის “არაზმა”, რომელშიც დავით ჯანელიძე გამოდის, სახლში “გაბალასთან” 0:1 წააგო. ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა. “არაზი” 4 ქულით 10 გუნდში ბოლო ადგილზეა. სხვათაშორის, თამაშამდე ნახჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის მინისტრმა კლუბში კრება ჩაატარა და მისი ყველა თანამშრომელი ცუდი შედეგისთვის გააფრთხილა, თან დააჯარიმა. ოთხი ფეხბურთელი კი გუნდს ჩამოაშორა.

ისრაელის ლეუმით ლიგის (პირველი ლიგა) მე-8 ტურში ტიბერიას “ირონი” გასვლაზე აფულას “ჰაპოელთან” 0:3 დამარცხდა. შემტევმა ნახევარმცველმა დავით კირკიტაძემ სტუმართა რიგებში სრულად ითამაშა და 28-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ტიბერიას “ირონის” 11 ქულა აქვს და 16 გუნდში მე-10 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114444