ფეხბურთი

12:01 | 29.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

არველაძე, დაუშვილი და “ორჰუსის” ქართველები თასს დაემშვიდობნენ, ზარანდია და ყაზაიშვილი სათადარიგოებში

იტალიის საფეხბურთო სერია A-ს მე-9 ტურში, “ემპოლი”, სადაც ლევან მჭედლიძე გამოდის, სტუმრად “სასუოლოსთან” 1:3 დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი თამაშში 66-ე წუთზე მასიმო მაკარონეს მაგივრად ჩაერთო, როდესაც ანგარიში 1:2 იყო. ემპოლელთა კიდევ ერთი ქართველი თავდამსხმელი ირაკლი შეყილაძე 18-კაციან განაცხადში არ იყო. “ემპოლის” 7 ქულა აქვს და 20 გუნდში მე-15 ადგილზე იმყოფება.

ლვოვის “კარპატი”, რომელშიც ბუბა დაუშვილი თამაშობს, უკრაინის თასის 1/4-ფინალში ვერ გავიდა. ლვოველებმა კიევის “დინამოსთან” სტუმრად პირველი მატჩი 0:1 წააგეს, ანალოგიური ანგარიშით დამარცხდნენ შინაც და მომდევნო ეტაპზე ვერ გააღწიეს. ქართველი საყრდენი ნახევარმცველი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და 54-ე წუთზე შეცვალეს.

ზაპოროჟიეს “მეტალურგი”, რომელსაც გასვლაზე დონეცკის “ოლიმპიკთან” მატჩი 0:2 წაეგო, თავის მოედანზე კიდევ უფრო დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:4. დონეცკელებში უკრაინის მოქალაქე ქართველმა მეკარე ზაურ მახარაძემ სრულად ითამაშა. ნახევარმცველი ვალერიან გვილია, რომელსაც უკრაინული პასპორტი აქვს, “მეტალურგში” შეცვლის მერე გამოჩნდა.

დანიის თასისთვის ბრძოლას ვეღარ აგრძელებს პირველ ლიგაში მოასპარეზე “ორჰუსი”, რომელიც შინ “სონდერისკესთან” პენალტების სერიაში დამარცხდა (5:6). მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. ფორვარდმა დავით სხირტლაძემ შეუცვლელად იასპარეზა. კიდევ ერთი ქართველი თავდამსხმელი მათე ვაწაძე მოედანზე 101 წუთზე შევიდა. ნახევარმცველი დავით დევდარიანი ტრავმირებულია და კვლავ არ უთამაშია. ორივე ქართველმა პენალტების სერიაში დარტყმა ზუსტად შეასრულა.

ჰოლანდიის თასზე “ვიტესმა” “დორდრეხტი” მიიღო და 2:1 აჯობა. გუნდის კაპიტანი გურამ კაშია 18-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა. ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი თადარიგში იჯდა, მაგრამ არ უთამაშია. “ვიტესის” მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ბოშმა განაცხადა, რომ კაშიას ბევრი დრო გაუცდა და კაპიტნობა სასტარტო შემადგენლობაში თამაშის გარანტია არაა. თავად ქართველმა ფეხბურთელმაც აღნიშნა, რომ სასტარტოში დასაბრუნებლად ბევრი მუშაობა დასჭირდება.

ბელგიის იუპილერ ლიგის მე-13 ტურში “გენკმა” თავის მოედანზე “ლიერსი” 3:0 დაამარცხა. ყველასთვის ცნობილი მიზეზების გამო თორნიკე ოქრიაშვილი მასპინძელთა განაცხადში არ იყო. სამაგიეროდ, ლუკა ზარანდია მოხვდა სათადარიგოებში, მაგრამ თამაში არ მოუწია.

თურქეთის თასს გამოეთიშა შოთა არველაძის მიერ გაწვრთნილის “ქასიმფაშა”, რომელიც სტუმრად მე-3 ლიგის “თუზლასფორთან” 1:3 დამარცხდა.

საფრანგეთის ლიგის თასზე “ბასტიამ” სახლში “ოსერს” 3:1 სძლია. ქართველი მცველი ლუკა კიკაბიძე სამატჩო განაცხადში არ იმყოფებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112008