ფეხბურთი

18:25 | 25.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

გოჩა ტყებუჩავა: "ჩვენი მიზანი ფინალურ ეტაპზე გასვლაა"

საქართველოს 17-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებმა დღეს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური პირველი მატჩისთვის გენერალური რეპეტიცია გამართა.

ასაკობრივი ნაკრები კვირას თბილისის დროით 15:00 საათზე "მიხეილ მესხზე" ლიხტეინშტეინს დაუპირისპირდება. მთავარმა მწვრთნელმა გოჩა ტყებუჩავამ პატარა "ჯვაროსნები" დღეს მსუბუქად დატვირთა და ვარჯიშის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

გოჩა ტყებუჩავა: მომზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, დღეს ბოლო ვარჯიში ჩავატარეთ "მიხეილ მესხზე", ბიჭები სერიოზულად ემზადებიან და განწყობაც კარგია. სამწუხაროდ ტრავმირებული ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ მათ სახელებს შეგნებულად არ დავასახელებთ.

- მეტოქის შესახებ რას იტყვით?

- მოწინააღმდეგეს რაც შეეხება, მათ შესახებ ცოტა ინფორმაცია მაქვს. ვნახე ერთი ტურნირი, რომელიც მათ სახლში ჩაატარეს, სრული ინფორმაცია არ მაქვს. მათი ამხანაგური შეხვედრები ვერ ვნახე, ოფიციალურ მატჩებზე კი შემიძლია ვთქვა, რომ ბევრ გოლს უშვებენ და თითქმის გოლი არ გააქვთ.

- გულშემატკივრების მხარდაჭერა აუცილებელი იქნება...

- რა თქმა უნდა, გულშემატკივრების გვერდში დგომა იქნება აუცილებელი ფაქტორი რათა მათ წინაშე კარგად ვითამაშოთ. შევეცდებით ლამაზი და შემტევითი ფეხბურთი ვაჩვენოთ. მომავალში უფრო კარგი თამაშები გვექნება და ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა. 4 წლის წინათ, რაც ეს გუნდი ჩამოყალიბდა, შევთანხმდით, რომ შედეგი გვექნებოდა და ჩვენი მიზანი ჯგუფურ ეტაპზე გასვლაა.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ლიხტენშტეინთან ერთად მეორე ჯგუფში ესტონეთის და პოლონეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. ქართველები სლავ თანატოლებს 28 ოქტომბერს დაუპირისპირდებიან, ხოლო ბალტიისპირელებს - 31 ოქტომბერს. პატარა "ჯვაროსნების" სამივე მატჩი 15:00 საათზე "მიხეილ მესხზე" გაიმართება.

საქართველოს ნაკრები შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის ასეთი შემადგენლობით ემზადება:

მეკარეები: გიორგი ჩოჩიშვილი („საბურთალო“), ლევან ისიანი („დინამო“ თბილისი)

მცველები: ნიკა ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, თორნიკე ჭურაძე (ყველა „დინამო“ თბილისი), გიორგი ბერძენაძე („ტორპედო“, ქუთაისი), ომარ ბულუხაძე („საბურთალო“)

ნახევარმცველები: გაბრიელ საღრიშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), ვატო არველაძე (35-ე სკოლა), ლაშა ლეჟავა, რატი არდაზიშვილი (ორივე „ლოკომოტივი“, თბილისი), ნიკა ნინუა, აკაკი ყურაშვილი (ორივე „დინამო“ თბილისი), გიორგი კოხრეიძე („საბურთალო“),

თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე („ლოკომოტივი“, თბილისი), თორნიკე მუზაშვილი („საბურთალო“), ირაკლი ბუღრიძე („დინამო“ თბილისი)

საკვალიფიკაციო ეტაპის განრიგი:

26 ოქტომბერი

13:00 - პოლონეთი vs ესტონეთი („მიხეილ მესხი“ - 2)

15:00 - საქართველო vs ლიხტენშტეინი („მიხეილ მესხი“ - ცენტრალური)

28 ოქტომბერი

13:00 - პოლონეთი vs ლიხტენშტეინი („მიხეილ მესხი“ - 2)

15:00 - ესტონეთი vs საქართველო („მიხეილ მესხი“ - ცენტრალური)

31 ოქტომბერი

15:00 - საქართველო vs პოლონეთი („მიხეილ მესხი“ - ცენტრალური)

15:00 - ლიხტენშტეინი vs ესტონეთი („მიხეილ მესხი“ - 2)

მატჩებზე დასწრება თავისუფალია.

0.156584