გიორგი მიქაუტაძემ ლა ლიგის ახალი სეზონი საგოლე პასით დაიწყო. „ვილიარეალი“ პირველ ტურში სანტანდერში, „რასინგს“ ესტუმრა, რომელთანაც მარცხს გადაურჩა.
„რასინგი“ დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა ლა ლიგაში და რიხიანად დაიწყო: 21-ე წუთზე ანდრეს მარტინმა პენალტით გახსნა ანგარიში, ხოლო 13 წუთში სერხიო მარტინესმა სხვაობა გააორმაგა. მიუხედავად ამისა, კანტაბრიელებმა თამაშს ვინ ჩივის, ტაიმიც ვერ მოიგეს.
45-ე წუთზე პაპე გეიემ შეამცირა სხვაობა, ხოლო ერთ წუთში ნიკოლა პეპემ ლამაზი გოლით გაათანაბრა. პეპეს გოლის მომენტში საგოლე პასი მიქაუტაძის აქტივშია, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა და კარისკენ სამჯერ დაარტყა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა, სამაგიეროდ, ასისტი მიითვალა. მეორე ტაიმში არაფერი შეცვლილა - 2:2.
„რასინგის“ რიგებში არ უთამაშია გიორგი გულიაშვილს, რომელიც ტრავმირებულია და მისი დებიუტი ლა ლიგაში გადაიდო. მან დაზიანება გასული სეზონის ბოლოს მიიღო და ჯერ ვერ გამოჯანმრთელდა.
„ვილიარეალი“ მეორე ტურში 23 აგვისტოს, „ატლეტიკოს“ ესტუმრება, ხოლო „რასინგი“ იმავე დღეს, საბა საზონოვის „ხეტაფეს“ ეწვევა.





