კატალონიის „ბარსელონა“ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში თავდასხმის გაძლიერებაზე მუშაობს და კლუბის მთავარი სამიზნე „ატლიკოს“ არგენტინელი შემტევი, ხულიან ალვარესია.
კატალონიელები აღნიშნულ ტრანსფერზე უკვე დიდი ხანია მუშაობენ, თუმცა მადრიდელებთან ფინანსურ საკითხებში ვერ თანხმდებიან. ეს ყოველივე კი, რაც დრო გადის ალვარესის „ბარსაში" გადასვლის ალბათობას სულ უფრო ამცირებს.
როგორც ესპანური გამოცემა Diario SPORT-ი იტყობინება „ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყო „გეგმა B-ზე“ მუშაობა და ალვარესის ალტერნატივად „ვილიარეალის“ ქართველ შემტევს, გიორგი მიქაუტაძეს განიხილავს.
წყარო იუწყება, რომ კატალონიელებმა მიქაუტაძის გარემოცვასთან უკვე დაამყარეს კონტაქტი და ფეხბურთელის მხრიდან „ბარსელონაში“ გადასვლის მიმართ დადებითი დამოკიდებულებაც არსებობს.
„ვილიარეალი" მიქაუტაძის სანაცვლოდ დაახლოებით 60-65 მილიონ ევროს ითხოვს. ეს იმაზე ბევრად ნაკლები თანხაა, რასაც მადრიდის „ატლეტიკო" ალვარესის სანაცვლოდ ითხოვს.
გიორგი მიქაუტაძე „ვილიარეალს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2031 წლამდე აკავშირებს. ქართველმა თავდამსხმელმა 2025/26 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 15 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.





