ფეხბურთი

16:20 | 11.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: „ევროპაში ჩვენზე მეტად მოტივირებული გუნდი არ მგონია არსებობდეს“

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე UEFA-თან ინტერვიუში გასულ სეზონზე, ზაფხულის შესვენებაზე, გამარჯვების მუდმივ სურვილსა და ახალ სეზონში გუნდის წინაშე არსებულ ისტორიულ გამოწვევაზე ისაუბრა.

ესპანელი სპეციალისტის თქმით, მისი მთავარი ამოცანა ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგებაა, რაც ევროპულ ფეხბურთში უპრეცედენტო მოვლენაა და ასეთი რამ, მხოლოდ მადრიდის "რეალს" აქვს გაკეთებული.

„პარიზში არ დავრჩენილვარ და ოჯახთან ერთად შვიდი კვირით წავედი, რაც ფეხბურთში დასვენებისთვის საკმაოდ უჩვეულოდ დიდი დროა. ამ პერიოდში ცდილობ, რაც შეიძლება მეტად გაეთიშო ყველაფერს, მაგრამ მაინც დაკავშირებული ხარ, რადგან ყველა სეზონზე გესაუბრება და მოგებული ტიტულებისთვის გილოცავს.

ეს ყველაფერი ლამაზად ჟღერს, მაგრამ საბოლოოდ აჩვენებს, რომ მწვრთნელი ვერასდროს ითიშება. ზაფხულში ბევრი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები. შეიძლება სამუშაო ადგილზე არ დადიოდე, მაგრამ კლუბთან მაინც მუდმივ კავშირში ხარ",

ენრიკემ ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რა არის მისი წარმატების მთავარი მიზეზი. 56 წლის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მისი მთავარი თვისება კონკურენტუნარიანობა და მუდმივი განვითარების სურვილია.

„გენიოსი არ ვარ და არც მინდა, რომ ვიყო. ვფიქრობ, კონკურენციისთვის დავიბადე, რადგან სწორედ მაშინ ვგრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად. იქნება ეს პარჩისი, ჩოგბურთი, პადელი, ფეხბურთი თუ ვარჯიში,სწორედ ეს მიყვარს.

მუდმივად ვარ შეპყრობილი სურვილით, რომ გავაუმჯობესო შესრულება, ჩემი კავშირი ფეხბურთელებთან და გუნდთან, ჩემ მიმართ არსებული მოთხოვნები, მოთამაშეების მიმართ თანაგრძნობა და მათგან კიდევ უფრო მეტის მიღება.

მაგრამ ამის გაკეთება მათი დარწმუნებით მომწონს და არა უბრალოდ იმიტომ, რომ მწვრთნელი ვარ და მათ რაღაცას ვუბრძანებ. მომწონს თამაშის გაგება და ფეხბურთელებისთვის მისი მაქსიმალურად მარტივად ახსნა. ვფიქრობ, სწორედ ეს მაძლევს გაუმჯობესების გაგრძელების მოტივაციას.

ახლა, როდესაც მეუბნებიან - „ბევრი ტიტული გაქვს მოგებული“, ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ეს წარსულს ეკუთვნის, ეს ისტორიაა.“

ახალ სეზონში პსჟ-ს განსაკუთრებული მიზანი აქვს - გუნდი შეიძლება გახდეს ჩემპიონთა ლიგის ეპოქაში მხოლოდ მეორე კლუბი, რომელიც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს ზედიზედ სამჯერ მოიგებს. აქამდე ეს მხოლოდ მადრიდის „რეალმა“ შეძლო, 2016-2018 წლებში.

ენრიკესთვის ეს დამატებითი მოტივაციის წყაროა.

„ჩემი ყურადღება იმ სურვილის თავიდან გაღვივებაზეა, რომ კიდევ ერთხელ მოვიგოთ. გამარჯვების გაგრძელება რთულია. ახლა უნიკალური გამოწვევა გვაქვს, რაღაც ისეთი, რაც ევროპის ფეხბურთის ისტორიაში პრაქტიკულად უპრეცედენტოა. თუ ზედიზედ მესამედ მოვიგებთ ჩემპიონთა ლიგას, „რეალს“ გავუტოლდებით.

ეს სულ სხვა დონის მიღწევა იქნება. ისტორიაში ზედიზედ სამჯერ ეს მხოლოდ „რეალს“ აქვს გაკეთებული. ჩვენ შეგვიძლია მათ გავუთანაბრდეთ. მაგრამ არ მგონია, ევროპაში ჩვენზე მეტად მოტივირებული გუნდი არსებობდეს.

აღარავინ გამორიცხავს „პარი სენ-ჟერმენს“. ორი წლის წინ ფავორიტებს შორის ჩვენი დაყენება შეუძლებელი იყო, უკეთ რომ ვთქვათ, ჩვენ ფავორიტებს შორის არ ვიყავით. ახლა კი ვერავინ იტყვის, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ფავორიტი არ არის.

ეს ჩვენ საკუთარი შრომით დავიმსახურეთ, მაგრამ თუ გვინდა, რომ ეს სტატუსი შევინარჩუნოთ, კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ.“

ენრიკემ ევროპის სუპერთასზეც ისაუბრა, სადაც პსჟ „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება.

„ჩემთვის ეჭვი არ არსებობს, რომ ეს (ევროპის სუპერთასი) ძალიან მნიშვნელოვანი ტიტულია და „ასტონ ვილა“ ძალიან კონკურენტუნარიანი იქნება. თუ პრემიერ ლიგას შევხედავთ, საუკეთესო გუნდებში ხუთი ან, შესაძლოა, ექვსი ესპანელი მწვრთნელია.

ვფიქრობ, ესპანური ფეხბურთი მსოფლიო ფეხბურთის სათავეშია ყველა მიმართულებით ,იქნება ეს ფეხბურთელები, მწვრთნელები თუ სპორტული დირექტორები", - განაცხადა ლუის ენრიკემ.

ცნობისთვის, უეფას სუპერთასის მატჩი ხვალ, 12 აგვისტოს გაიმართება, სადაც "პარი სენ-ჟერმენი" "ასტონ ვილას" დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.16803