საქართველოს ნაკრებისა და "ვილიარეალის" თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის დამატებით ლონდონის "ტოტენჰემია" დაინტერესებული. აღნიშნულთან დაკავშირებით ბრიტანულმა გამოცემა givemesport-მა ქართველ ფეხბურთელს ვრცელი სტატია მიუძღვნა.
სტატიის ავტორი ჯეიმი კემბლია, რომელიც ესპანეთში ცხოვრობს და როგორც ის ამბობს, "ვილიარეალის" გულშემატკივარია და მიქაუტაძის თამაშებს ხშირად უყურებს.
"მიქაუტაძე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელია, თუმცა საფრანგეთში, ქართველი მშობლების ოჯახში დაიბადა. პროფესიულ კარიერაში მან თავი "მეცის" რიგებში თამაშით დაგვამახსოვრა. 2019 წელს მან ლიგაში 42 მატჩში 25 გოლი გაიტანა და ახალგაზრდა ასაკშივე მოიპოვა გოლეადორის რეპუტაცია. ამ სეზონის შემდეგ მის კარიერაში იყო იმედგაცრუებით დასრულებული ტრანსფერი „აიაქსში“. მიქაუტაძე ჰოლანდიურ კლუბში 19 მილიონად გადავიდა, თუმცა თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და კვლავ "მეცში" დაბრუნდა, საიდანაც მალევე "ლიონში" გადაბარგდა.
მიქაუტაძემ შესანიშნავი ევრო 2024 ჩაატარა და ტურნირის თანაბომბარდირი გახდა. ამასთან ერთად "ლიონის" მაისურით ლიგა 1-ში შესანიშნავი სეზონიც ჰქონდა, 36 მატჩში 12 გოლი გაიტანა. სწორედ ამის შემდეგ გამოჩნდა „ვილიარეალი“, რომელმაც ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია. "ყვითელი წყალქვეშა ნავის“ რიგებში თავის პირველ სეზონში მიქაუტაძემ თითქმის იდენტური სტატისტიკა დააფიქსირა - ლიგის 32 მატჩში 13 გოლი გაიტანა.
კონტექსტისთვის, მე „ვილიარეალის“ გულშემატკივარი ვარ და ვალენსიაში, კლუბიდან არც ისე შორს ვცხოვრობ. გუნდს უკვე 15 წელზე მეტია ვადევნებ თვალს და საბედნიეროდ, მიქაუტაძის უამრავი მატჩის ნახვის შესაძლებლობა მქონდა. თავდამსხმელს წარმოუდგენელი ტექნიკური შესაძლებლობები აქვს და შეუძლია ისეთი დასრულებები შემოგთავაზოთ, რომელთა ნახვაც ნამდვილად სასიამოვნოა. თანაც, ორივე ფეხით. მას ძალიან უყვარს მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდება, როდესაც ამის შესაძლებლობა ეძლევა, ასევე ბრწყინვალედ ასრულებს შეტევებს — ზუსტად მოთავსებული დარტყმებით როგორც საჯარიმოს შიგნიდან, ისე მის გარედან. მიქაუტაძე იმ ფეხბურთელთაგანია, რომელსაც უბრალოდ აქვს რაღაც განსაკუთრებული - რაღაც უნიკალური ბურთის კონტროლისა და თამაშის სტილში. სწორედ ეს ხდის მის შეჩერებას რთულს და მეკარეებისთვის კი ნამდვილ კოშმარად აქცევს. ქართველ ფეხბურთელს საკმარისი სისწრაფე აქვს და უმეტეს შემთხვევაში მოიგებს რბოლას დაცვის ზურგს უკან სივრცეში. ამასთანავე, ბურთით თამაშისასაც ძალიან ტექნიკურია, შეუძლია მცველს პირისპირ დაუპირისპირდეს და მოატყუოს. თუმცა, არსებობს უარყოფითი მხარეებიც: როგორც შედარებით პატარა ტანის თავდამსხმელი, არის მომენტები, როდესაც მიქაუტაძე თამაშში იკარგება, განსაკუთრებით ისეთ შეხვედრებში, სადაც პირდაპირი, უფრო ფიზიკური სტილის ფეხბურთია საჭირო. "ვილიარეალის“ ახლა უკვე ყოფილი მწვრთნელი მარსელინო გასულ სეზონში მასთან მუშაობდა იმისთვის, რომ მიქაუტაძეს თამაშში ჩართვის გზები ეპოვა. ამ მხრივ პროგრესი აშკარად შეინიშნებოდა.
მიქაუტაძისგან კიდევ ბევრი რამ არის მოსალოდნელი. ის ჯერ მხოლოდ 25 წლისაა და ლა ლიგასთან ადაპტაციის პროცესში იმყოფება. თუ ის "ვილიარეალში“ დარჩება, საინტერესო იქნება იმის ნახვა, როგორ მოერგება ახალ მწვრთნელ ინიგო პერესს, რომელსაც მარსელინოსგან საკმაოდ განსხვავებული სათამაშო სტილი აქვს. ასევე საინტერესო იქნება, თუ "ტოტენჰემი“ მას მართლაც შეიძენს, შეძლებს თუ არა მიქაუტაძე პრემიერ ლიგაშიც შეინარჩუნოს თავისი გოლეადორის რეპუტაცია. ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რამდენია მიქაუტაძის გამოსასყიდი თანხა, თუმცა მოსალოდნელია, რომ "ვილიარეალი“ მის სანაცვლოდ დაახლოებით £50 მილიონს მოითხოვს", - წერს გამოცემა მიქაუტაძის შესახებ.
გიორგი მიქაუტაძე "ვილიარეალს" გასულ ზაფხულს შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2031 წლამდე აკავშირებს.





