დღეს 8 ივლისს "იბერია 1999"-ი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ერთვება. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი სტუმრად ესტონეთის ჩემპიონს "ფლორას" დაუპირისპირდება. მატჩამდე "იბერიას" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ გიორგი ჯინჯოლავასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.
"საქართველოს ფეხბურთს 2021 წლიდან კარგად ვიცნობ. ვიცი ქართველების ხასიათი, მენტალიტეტი, კარგად ვარ გაცნობილი მათ კულტურას. ამიტომ ჩემთვის ის ფაქტი, რომ გუნდში მხოლოდ სამი კვირაა რაც ვმუშაობ პრობლემას არ წარმოადგენს.
რა თქმა უნდა, უფრო ადვილია, როცა ზამთარში შეგიძლია მოსამზადებელი პერიოდის გავლა და გუნდის შენი ხედვის მიხედვით დაკომპლექტება, მაგრამ მე სწორედ ეს პროექტი მაინტერესებდა. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ საკუთარი ქვეყნის ჩემპიონია. თუ კარგი გუნდი გყავს, რომელიც მზად არის კარგი შედეგების მისაღწევად, მაშინ შეგიძლია ნებისმიერ მეტოქეს ეთამაშო.
ნებისმიერი გუნდი, რომელიც ჩემპიონი ხდება, პატივისცემას იმსახურებს. ამიტომ დიდ პატივს ვცემთ როგორც "ფლორას", ასევე მათ მთავარ კონკურენტს "ლევადიას", რომელიც მათთან ერთად ესტონურ ფეხბურთში დომინირებს.
ჩემპიონთა ლიგაზე იოლი მეტოქე არ არსებობს, თუმცა ჩვენ არცერთი მეტოქის არ გვეშინია. ასეთი მატჩების თამაშის საშუალება ჩვენ ყოველდღიურად არ გვაქვს, ამიტომ ფეხბურთელებმა უნდა აჩვენონ სრული თავდადება და გამარჯვების ძლიერი სურვილი, რადგან სწორედ ეს იქნება გადამწყვეტი ფაქტორი ორი მატჩის ჯამში და შემდეგ ეტაპზე სწორედ ის გუნდი გავა, რომელიც ამ ორ მატჩში ბოლომდე დაიხარჯება", - განაცხადა დემჩენკომ.
პრესკონფერენციაზე კომენტარი "იბერიას" მარცხენა მცველმა გიორგი ჯინჯოლავამაც გააკეთა:
„თუ სასურველი შედეგის მიღწევა გვინდა, გამარჯვება ძალიან უნდა გვინდოდეს. საკლუბო ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგაზე მაღალი ტურნირი არ არსებობს და მასზე ყველა ოცნებობს, მაგრამ მხოლოდ ოცნება საკმარისი არ არის, მოედანზე ყველაფერი უნდა დავტოვოთ", - განაცხადა ჯინჯოლავამ.
"იბერიასა" და "ფლორას" მატჩი დღეს 8 ივლისს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო განმეორებითი მატჩი თბილისსში 14 ივლისს გაიმართება.





