Goal Italia „უდინეზეში“ გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერს გამოეხმაურა. გამოცემა წერს ქართველი ფეხბურთელის სათამაშო თვისებების შესახებ და აკეთებს პროგნოზსაც - იქნება თუ არა ის, უდინელთა ძირითადი შემადგენლობის მუდმივი წევრი:
„პოზიცია: ნახევარმცველი - მრავალმხრივი მოთამაშეა, მას შეუძლია თამაში, როგორც შემტევ ნახევარმცველად, თავდამსხმელის უკან, ასევე როგორც ფლანგის ან ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე. საქართველოს ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრი, ის კლასიკური ტექნიკური მოთამაშეა, რომელიც ასრულებს ბოლო პასს, მაგრამ ასევე აქვს გოლის გატანის უნარი.
სასტარტო ფეხბურთელი იქნება თუ არა? რუნიაიჩს შეუძლია გამოიყენოს იგი სხვადასხვა როლში, როგორც ცენტრალური ნახევარმცველი ხუთკაციან ნახევარდაცვაში, ასევე მეორე თავდამსხმელი დევისის უკან. ძირითადი შემდგენლობის ადგილი გარანტირებული არ არის, მაგრამ მას მაინც ექნება საკმარისი სათამაშო დრო მთელი სეზონის განმავლობაში“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდის“ მაისურით 2023 წლიდან 107 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეტოქეთა კარში სამი გოლის გატანა მოახერხა. მას ასევე უთამაშია „დინამო თბილისში“, „გენტში“, „ჰამბურგსა“ და „სლოვანში“. საქართველოს ნაკრებში მის აქტივში 39 შეხვედრაში 10 გოლია.
„უდინეზე“, რომელსაც კოსტა რუნიაიჩი ავარჯიშებს, 2025-2026 წლების სეზონში სერია A-ში მეათე იყო. ჩაკვეტაძე ტოპლიგაში კარიერაში პირველად ითამაშებს.





