ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩუს მატეომ საქართველოს ნაკრებთან მარცხის (89:91) მარცხის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დამსახურებულად დამარცხდნენ:
„ორი გამარჯვების მოპოვება გვინდოდა. საბოლოოდ ერთი მოვიპოვეთ, მეორეს კი ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ ვერ შევძელით. ახლა წინ უნდა გავიხედოთ, გავაცნობიეროთ, რა გველოდება და განვაგრძოთ ქულების დაგროვება, მიუხედავად იმისა, რომ წინ კიდევ სხვა გზა გვაქვს გასავლელი. სახლშიც მოგვიწევს თამაში, გასვლაზეც. ყველგან უნდა ვეცადოთ, კარგი სამუშაო შევასრულოთ. იმისთვის, რომ გუნდი ნამდვილ ერთობად ჩამოყალიბდეს, როგორც ამას ხშირად ვამბობ, აუცილებელია გარკვეული სირთულეების გადალახვა.
სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ეს გამოცდილება ჩვენს განვითარებას დაეხმარება. ახლა მარცხის შემდეგ ფეხზე უნდა წამოვდგეთ. პაუზის შემდეგ კვლავ გვექნება საკვალიფიკაციო ფანჯარა, სხვა მეტოქეების წინააღმდეგ, მაგრამ მთლიანობაში ვფიქრობ, კარგ საქმეს ვაკეთებდით და მე სწორედ ასე ვაფასებ ამ პერიოდს.
ეს მარცხი, გარკვეულწილად, მხოლოდ ერთი ეპიზოდია. რა თქმა უნდა, გვტკივა, რადგან წავაგეთ შეხვედრა, რომლის მოგებაც შეგვეძლო. ამის შანსი ხელში გვქონდა, მაგრამ გამარჯვება ყოველთვის შენს მხარეს არ არის.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევაა. ჩვენი მიზანია, შემდეგ საკვალიფიკაციო ფანჯარას მზად შევხვდეთ, თავი ავწიოთ და ვთქვათ: გავაგრძელებთ ერთად თამაშს, ერთად ბრძოლას და ერთად გამარჯვებას.
როდესაც სპორტში ასეთი რამ ხდება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად სწრაფად შეძლებ ფეხზე წამოდგომას. თუ ამას მალევე მოახერხებ, წინ წახვალ. თუ მხოლოდ იმაზე იფიქრებ, რომ ის თამაში წააგე, რომლის მოგებაც შეგეძლო, ეს ვერაფერს მოგცემს.
ეს უკვე წარსულია. საქართველომ უკეთ ითამაშა და დამსახურებულადაც ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა. ჩვენ საკუთარი საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ, ვერ შევძელით თამაშის დახურვა, მაგრამ ამაზე მეტი არაფერია. უბრალოდ ერთი ქულა და ერთი გამარჯვება გამოგვეცალა ხელიდან. ახლა კი წინ უნდა ვიაროთ, ერთად ვიმუშაოთ იმავე მიზნისთვის და ვიფიქროთ იმაზე, რომ მომდევნო საკვალიფიკაციო ფანჯარაში ისევ ქულების დაგროვება გავაგრძელოთ.
ვიცოდით, რომ ძალიან რთული მატჩი გველოდა. თავიდანვე ნათელი იყო, რომ მძიმე თამაში იქნებოდა. ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა იყო, სწორი გზით დაგვეწყო თამაში და ვფიქრობ, ეს კარგადაც შევძელით. მესამე პერიოდის დასრულებამდეც ძალიან ახლოს ვიყავით მიზნის მიღწევასთან და თამაშის დასრულებასთან, მაგრამ მეტოქემ ბოლომდე ირწმუნა საკუთარი ძალების და შეხვედრის ბოლოს ძალიან მტკიცედ ითამაშა. ბოლო 15 წუთში ზედმეტად ხშირად ვკარგავდით ბურთს. სწორედ ამის წყალობით მათ მარტივი ქულები აიღეს, ზოგჯერ კი შეტევაში მოხსნილი ბურთის შემდეგაც.
დღეს შეტევაში ისეთი ბალანსი არ გვქონდა, როგორიც საჭიროა, რადგან ზედმეტად ბევრს ვისროდით პერიმეტრიდან. უფრო დაბალანსებული თამაში გვჭირდებოდა, როგორც ფარქვეშ, ისე გარედან, მაგრამ ამის პოვნა მატჩის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ. რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ, თუმცა ეს ყველასთვის კარგი სასწავლო გამოცდილება იქნება. ვფიქრობ, ჩვენ მაინც სწორ გზაზე ვართ. წინ გრძელი გზაა და ერთად კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. ეს ჩვენთვის პირველი გამოცდილებაა, როდესაც მარცხისგან უნდა ვისწავლოთ. საბოლოოდ, ჩვენთვის სასარგებლო იქნება, რადგან მიღებული გამოცდილება ზრდაში დაგვეხმარება.
როცა თამაშს აგებ, ყოველთვის ფიქრობ, ალბათ რაღაც სხვაგვარად შეიძლებოდა გაგეკეთებინა. ალბათ, ამაში მართალიც ხართ, მაგრამ მათ შესანიშნავად ითამაშეს, განსაკუთრებით შეხვედრის ბოლო წუთებში. ორი-სამი მოთამაშე ძალიან მაღალ დონეზე გამოვიდა, საკუთარ თავზე აიღეს გუნდის შეტევების ორგანიზება, ნამდვილი ლიდერებივით ითამაშეს. ბოლომდე ვცდილობდით მათ შეჩერებას, ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ვერ შევძელით. ჩვენი მონდომება და ძალისხმევა ნამდვილად იყო, თუმცა ამ ორ მოთამაშეს ვერ გავუმკლავდით. მათ ძალიან კარგად ითამაშეს, როგორც შორი დისტანციიდან, ისე ფარქვეშ. ვიცით, როგორი მებრძოლია შენგელია, მან ძალიან მნიშვნელოვანი სროლაც ჩააგდო და მთლიანობაში დღეს ორივემ ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა. ასეთი რამ სპორტში ხდება. ჩემთვის კი ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოცდილებაა“, - თქვა მატეომ.
საქართველოს ნაკრებმა პირველი ჯგუფური ეტაპი 3 გამარჯვებით და 3 მარცხით მესამე ადგილზე დაასრულა. მეორე ჯგუფურ ეტაპზე ეს შედეგები გუნდს გადაჰყვება, ისევე, როგროც ესპანეთს (5-1) და უკრაინას (4-2). ისინი მეორე ეტაპზე ერთმანეთს არ შეხვდებიან, სამაგიეროდ, სამი ახალი მეტოქე ეყოლებათ.







