საქართველოს ეროვნულ ლიგაში მე-15 ტურის მორიგი ორი მატჩი გაიმართა, რომლებშიც მასპინძლებმა გაიმარჯვეს.
„დინამო ბათუმმა“ „რუსთავთან“ ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. მე-60 წუთზე მატჩის ერთადერთი გოლი გავიდა, რომელიც გიორგი კოხრეიძის აქტივშია და შემდეგ არაფერი შეცვლილა.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს რთული პირველი წრე ჰქონდა, მაგრამ მეორე წრეში არ დამარცხებულა (4 მოგება, 2 ფრე), შესაბამისად, სატურნირო მდგომარეობა გამოიკეთა. „დინამო ბათუმმა“ 21 ქულა დააგროვა, მეხუთე საფეხურზეა და მომდევნო ტურში „იბერიას“ შეხვდება. „რუსთავი“ 23 ქულით მესამე და „სპაერს“ გაეჯიბრება.
თბილისის „სპაერმა“ ტყიბულის „მეშახტე“ 2:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მასპინძლები პირველი ტაიმის ბოლოს თამაზ ცეცხლაძის გოლით დაწინაურდნენ, რასაც მატჩის მიწურულს ნიკა ჩაგუნავას გოლი მოჰყვა. კომპენსირებულ დროში დიმიტრი ღურწკაიამ პენალტით შეამცირა სხვაობა, მაგრამ ეს ლადო ბურდულის გუნდის მაქსიმუმი გამოდგა.
„სპაერი“ 20 ქულთ მეექვსეა და „რუსთავთან“ თამაში ელოდება, ხოლო „მეშახტემ“ მეორე წრეში ყველა მატჩი წააგო (6), მაშინ, როცა პირველ წრეში ერთადერთი მარცხი ჰქონდა. შედეგად, მხოლოდ 10 ქულით ბოლო ადგილზეა და მომდევნო ტურში „დინამო თბილისს“ შეხვდება.
„სპაერი“ – „მეშახტე“ 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 ცეცხლაძე (45), 2:0 ჩაგუნავა (85), 2:1 ღურწკაია (90, პენ)
„დინამო ბათუმი“ – „რუსთავი“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 კოხრეიძე (60)





