ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსზე ხმაურიანი სენსაცია მოახდინა და ბენ შელტონი დაამარცხა - 6:4, 6:7, 6:3.
ქართველმა, რომელიც რეიტინგში 117-ე ადგილზეა, ამერიკელს სამ სეტში აჯობა. თავიდანვე ვთქვათ, რომ შელტონი რეიტინგის მეექვსე ნომერია, ასე რომ, აშკარა ფავორიტი იყო.
თუმცა, ბასილაშვილმა შესანიშნავად ითამაშა. მეტოქეს პირველ სეტში 6:4 აჯობა. მეორე სეტში თამაშის დასრულებასთან ახლოს იყო ქართველი, მაგრამ ტაიბრეიკზე დათმო სეტი (5:7) და ყველაფერი მესამე სეტში გადაწყდა, სადაც ის დომინანტური იყო და მეტოქეს შანსი არ მისცა - 6:3.
თამაში 2 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა. ნიკოლოზმა 27 ვინერსი, 34 უნებლიე შეცდომა, 2 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა მიითვალა.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში მეცხრედ დაამარცხა მატჩის მომენტში ტოპ ათეულის წარმომადგენელი. რომის მასტერსის 1/16-ფინალში ბასილაშვილი ამერიკელ ბრენდონ ნაკაშიმას 11 მაისს დაუპირისპირდება. ქართველმა რომის ტურნირზე ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპი მოიგო და შემდეგ ძირითად ბადეში ორი ეტაპი უკვე გაიარა.







