სამხრეთ ამერიკის თასის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში "სანტოსი" სტუმრად "რეკოლეტას" დაუზავდა, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი კი ნეიმარმა გაიტანა. ბრაზილიელი ვარსკვლავი გატანილი გოლის შემდეგ რობინიო ჟუნიორთან მივიდა და ჩაეხუტა.
მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეიმარმა და ახალგაზრდა ფეხბურთელმა ვარჯიშზე იჩხუბეს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც რობინიოს შვილმა ეფექტური დრიბლინგით ნეიმარი მოატყუა, ამ ყველაფერმა კი ბრაზილიელი ვარსკვლავის გაღიზიანება გამოიწვია. სიტუაცია მალევე დაიძაბა და სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ კონტაქტშიც გადაიზარდა და ნეიმარმა ახალგაზრდა ფეხბურთელს სილა გააწნა.
მატჩის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი რობინიო ჟუნიორმა გააკეთა, მისი თქმით მასსა და ნეიმარს შორის ყველაფერი მოგვარებულია.
"ძალიან არ მომეწონა ის რაც ჩვენს შორის მოხდა, რადგან ნეიმარი ჩემი ბავშობის კუმირია. რვა წლის ასაკში საჩუქარი მაჩუქა, ბევრი ვიტირე და დღემდე შევინახე მაისური. ეს ამბავი ძალიან გავრცელდა და იმდენი გამოხმაურება მოჰყვა, რაც არ უნდა მომხდარიყო. შეცდომაც რომ ყოფილიყო, მან უკვე მოიხადა ბოდიში. ახლა ყველაფერი კარგადაა. ხალხი ბევრ რამეს ამბობს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენს შორის ყველაფერი მოგვარებულია", - განაცხადა რობინიო ჟუნიორმა.







