ალბათ, ჩემპიონთა ლიგას არაფერი უხდება ისე, როგორც „რეალი“ – „ბაიერნის“ მატჩი, აბსოლუტური კლასიკა მთავარი საკლუბო ტურნირის და ამჯერადაც, გუნდებმა გულშემატკივარს ზეიმი შესთავაზეს.
„ბერნაბეუზე“ ორივე გუნდმა შემტევი ფეხბურთი ითამაშა და ორივე კართან უამრავი მომენტი შეიქმნა.
„ბაიერნი“ 41-ე წუთზე დაწინაურდა, როცა „რეალის“ დაცვა ჩავარდა და ლუის დიასმა შანსი გამოიყენა. მეორე ტაიმის სტარტი და მიუნხენელთა მეორე გოლი ერთი იყო: ჰარი კეინმა შორი მანძილიდან ანდრეი ლუნინს შანსი არ დაუტოვა.
ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ „რეალმა“ დიდი ძალებით შეუტია, მაგრამ გასაოცარ მანუელ ნოიერს გადააწყდა, რომელმაც ყველაფერი აიღო, რისი აღებაც შეიძლებოდა. 40 წლის გერმანელმა მეკარემ დიდებული თამაში ჩაატარა, უამრავი რთული დარტყმა უკუაგდო.
ნოიერი ერთხელ ვერ გახდა ვერაფერს და მაშინაც, ახლოს იყო მოგერიებასთან, ოდნავ არ გაუმართლა. 74-ე წუთზე კილიან მბაპემ შეამცირა სხვაობა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და პირველი დუელი „რეკორდმაისტერმა“ 2:1 მოიგო. რა თქმა უნდა, სტუმრად მოგებით „ბაიერნმა“ დიდი უპირატესობა მოიპოვა, თუმცა, საქმე „რეალთან“ აქვს, რომლის ჩამოწერა არასდროს შეიძლება. ყველაფერი საპასუხო მატჩში გადაწყდება.
ლონდონის „არსენალმაც“ სტუმრად მოიგო და ნახევარფინალს მიუახლოვდა. ლისაბონში, „სპორტინგი“ მარცხს არ იმსახურებდა, დაწინაურდებოდა კიდეც, დავიდ რაიას მატჩის მიწურულს ორჯერ რომ არ გადაერჩინა არსენალი, მაგრამ ფეხბურთი ასეთია - ვერ გაიტან, გაგიტანენ.
კომპენსირებულ წუთზე გაბრიელ მარტინელის დიდებული პასით კაი ჰავერტცი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და ერთადერთი გოლი გაიტანა - 0:1. არ უთამაშია გიორგი ქოჩორაშვილს, რომელიც „სპორტინგის“ სათადარიგო სკამზე იყო.
ამ ორ წყვილში საპასუხო მატჩები 15 აპრილს გაიმართება.
„რეალი“ – „ბაიერნი“ 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 ლუის დიასი (41), 0:2 კეინი (46), 1:2 მბაპე (74)
„სპორტინგი“ – „არსენალი“ 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 ჰავერტცი (90)







