ინგლისის პრემიერლიგაში მე-14 ტურის მატჩები გაიმართა. გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა“ „სანდერლენდს“ უმასპინძლა და ქართველ მეკარეს არ უთამაშია, სათადარიგო სკამზე იყო.
მატჩი ფრედ დასრულდა და არნე სლოტის გუნდისთვის ეს მიმდინარე სეზონში პირველი ფრეა, არა მარტო პრემიერლიგაში, არამედ ყველა ტურნირზე. „ლივერპული“ მორიგ მარცხთან ახლოს იყო, 67-ე წუთზე ჩემსდინ ტალბიმ გახსნა ანგარიში, მაგრამ „წითლები“ მარცხისგან 81-ე წუთზე ნორდი მუკიელეს ავტოგოლმა იხსნა, მაგრამ ასევე ფედერკო კიეზამ, რომელმაც 94-ე წუთზე ცარიელ კარიდან გამოიტანა ბურთი, როცა ალისონი "სანდერლენდის" შემტევს უკვე მოტყუებული ჰყავდა.
„ლივერპული“ 22 ქულით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში 6 დეკემბერს, სტუმრად „ლიდს იუნაიტედს“ შეხვდება.
„არსენალმა“ საკუთარ მოედანზე „ბრენტფორდი“ დამაჯერებლად, 2:0 დამარცხა მიკელ მერინოსა და ბუკაიო საკას გოლებით. მიკელ არტეტას გუნდი 33 ქულით ლიდერობს პრემიერლიგას და „მანჩესტერ სიტის“ 5 ქულით უსწრებს, ხოლო მომდევნო ტურში „ასტონ ვილას“ ესტუმრება.
„ასტონ „ვილა“ გასვლაზე „ბრაიტონთან“ 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ შემდეგ 4 გოლი გაიტანა და საბოლოოდ, 4:3 მოიგო. უნაი ემერის გუნდს სეზონის საშინელი სტარტი ჰქონდა, მაგრამ ახლა დიდებულ ფორმაშია და 27 ქულით მესამე საფეხურზეა.
ლონდონის „ჩელსიმ“ პრემიერლიგაში ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და სტუმრად, „ელან როუდზე“ „ლიდს იუნაიტედთან“ 1:3 დამარცხდა. ენცო მარესკას გუნდი პირველივე ტაიმში ორბურთიანი სხვაობით ჩამორჩა და შემდეგ სიტუაცია ვეღარ გამოასწორა. „ჩელსი“ 24 ქულით მეოთხეა და მომდევნო ტურში „ბორნმუთს“ ესტუმრება. „ლიდსმა“ ზედიზედ 4 წაგების შემდეგ მოიგო და გასავარდნი ზონა დატოვა, 14 ქულით მე-17 ადგილზეა.






