ფეხბურთი

11:33 | 13.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებს დაუშვილი გამოაკლდა და დვალი დაემატა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდს ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში გიბრალტარის ნაკრებთან სტუმრად ჩასატარებელ შეხვედრაში ლვოვის “კარპატის” ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი ვერ დაეხმარება. მან ირლანდიისა და შოტლანდიის ნაკრებებთან მატჩებში ყვითელი ბარათები მიიღო და 14 ოქტომბერს ჩასატარებელ თამაშს გამოტოვებს.

ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებს რიგის “სკონტოს” 19 წლის მცველი ლაშა დვალი დაემატა. ის შოტლანდიასთან მატჩისთვისაც გამოიძახეს, მაგრამ დიდი ბრიტანეთის ვიზა დროულად ვერ აიღო და ამიტომ, გლაზგოური დაპირისპირება გამოტოვა.

საქართველოს ნაკრები პორტუგალიის ქალაქ ფარუში კვირას ჩარტერული რეისით გაემგზავრა. ვინაიდან, გიბრალტარში არსებული სტადიონი ფიფა-უეფას მოთხოვნებს არ შეესაბამება, ამ ქვეყნის ნაკრები ევრო-2016-ში სტუმრებს პორტუგალიაში მასპინძლობს.

13 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:45 საათზე თემურ ქეცბაია პრესკონფერენციას ჩაატარებს, ხოლო 21 საათზე ნაკრების ვარჯიში დაიწყება.

14 ოქტომბერს გიბრალტარი-საქართველოს შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მთავარი მსაჯი ავსტრიელი ჰარალდ ლეხნერი იქნება. მომავალ მატჩს პირდაპირი ეთერით საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხი” გადასცემს.

Loading...
0.148347