ფიფას რეიტინგის განახლების შემდეგ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის უეფას წევრი ეროვნული ნაკრებები კალათებში ოფიციალურად განაწილდნენ.
შეიძლება ითქვას, რომ ეს ინფორმაცია აქამდეც ცნობილი იყო, არც არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, ახლა ოფიციალურად დადასტურდა.
შესაბამისად, საქართველოს ნაკრები მესამე კალათაში იქნება და ის ნაკრებები, რომლებიც ამავე კალათაში არიან, ჯგუფში ჩვენთან ერთად ვერ მოხვდებიან.
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 54 ევროპული ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, გამონაკლისი რუსეთია, რომელიც ომის გამო ისევ ჩამოშორებულია საერთაშორისო ტურნირებს.
მუნდიალის შესარჩევზე შეიქმნება 12 ჯგუფი, საიდანაც 6 ჯგუფი 5-გუნდიანი იქნება, ექვსიც - 4-გუნდიანი. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ გავა მუნდიალზე, ხოლო მეორეადგილოსნები (12 ნაკრები) შანსს პლეი-ოფში მიიღებენ, სადაც მათ ერთა ლიგის ოთხი საუკეთესო ნაკრები შეუერთდება, ოღონდ ის ნაკრებები, რომლებიც ჩვეულებრივ შესარჩევ ეტაპზე ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე ვერ გავლენ, შესაბამისად, ერთა ლიგის შედეგები დასჭირდებათ პლეი-ოფისთვის.
ოთხგუნდიან ჯგუფში აუცილებლად მოხვდებიან ის ნაკრებები, რომლებიც A დივიზიონის ნახევარფინალში გავლენ, სადაც ივნისში უნდა ითამაშონ.
5-გუნდიან ჯგუფებში შესარჩევი ეტაპი მარტში დაიწყება, ხოლო 4-გუნდიან ჯგუფებში - სექტემბერში. გუნდები შინ და სტუმრად შეხვდებიან ერთმანეთს. შესარჩევი ეტაპი 2025 წლის ნოემბერში დასრულდება, ხოლო პლეი-ოფის მატჩები 2026 წლის მარტში გაიმართება.
საბოლოო ჯამში 16 ევროპული ნაკრები გავა მსოფლიოს ჩემპიონატზე, 12 - შესარჩევი ეტაპის ჯგუფების გამარჯვებულები და დანარჩენი 4, პლეი-ოფით, რომელშიც, როგორც ვთქვით, მეორეადგილოსნები (12 ნაკრები) და პლუს ერთა ლიგიდან 4 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.
პირველი კალათა: პორტუგალია, ხორვატია, საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ნიდერლანდები, ესპანეთი, დანია, ინგლისი, ბელგია, შვეიცარია, ავსტრია
მეორე კალათა: უკრაინა, შვედეთი, თურქეთი, უელსი, უნგრეთი, სერბეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი, ნორვეგია
მესამე კალათა: შოტლანდია, სლოვენია, ირლანდია, ალბანეთი, ჩრდ. მაკედონია, საქართველო, ფინეთი, ისლანდია, ჩრდ. ირლანდია, მონტენეგრო, ბოსნია, ისრაელი
მეოთხე კალათა: ბულგარეთი, ლუქსემბურგი, ბელარუსი, სომხეთი, კოსოვო, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი, კვიპროსი, ფარერები, ლატვია, ლეიტუვა
მეხუთე კალათა: მოლდოვა, მალტა, ანდორა, გიბრალტარი, ლიხტენშტაინი, სან მარინო
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 13 დეკემბერს გაიმართება. მსოფლიოს ჩემპიონატი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება ისტორიაში პირველი მუნდიალი, რომელშიც 48 ნაკრები ითამაშებს.