ხორვატიის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივიცა ოლიჩმა ადგილობრივ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მებრძოლი ერია, მაგალითად კი, ის მოიყვანა, რომ საქართველო რუსეთსა და თურქეთს შორის გადარჩა...
„კარგია, რომ თბილისში ადრე ჩამოვედით, რადგან მგზავრობა დამღლელი იყო. დილის ოთხ საათზე ჩამოვედი და მეორე დღეს „მკვდრები“ ვიყავით, ღამე არ გვეძინა, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა, მატჩისთვის მზად ვართ.
წინა ორ შეკრებაზე ასეთი კარგი პირობები არსად გვქონია. ერთადერთი, რაც კარგი არ არის, ისაა, რომ დავკარგეთ ბელიო და ბელჩარი, რომლებიც საბერძნეთთან ძირითადში იყვნენ. მანამდე ლიუბიჩიჩიც, მაგრამ ტირილის დრო არაა, ამის გარეშე ფეხბურთი არაა.
საქართველო რუსეთსა და თურქეთს შორის, ანუ, ლომებს შორის გადარჩა. ეროვნული ნაკრები ვნახეთ ევროპის ჩემპიონატზე, ისინი ერთიანები არიან, მაგრამ ბრძოლას ვაპირებთ და უპირატესობა გვაქვს, რადგან უფრო ხარისხიანი გუნდი გვყავს. ერთი თამაში შეიძლება ბრძოლით წააგო, მაგრამ ჩვენ ორი გვაქვს, არა? მჯერა, რომ საერთო ჯამში გამარჯვებულები ვიქნებით და ევროპის ჩემპიონატზე გავალთ“, - თქვა ოლიჩმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ხორვატიას 15 ნოემბერს უმასპინძლებს, ხოლო 19 ნოემბერს, სტუმრად შეხვდება. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავა.
საქართველო-ხორვატიის შეხვედრა 15 ნოემბერს, 19:00 საათზე გაიმართება.