გერმანიის II ბუნდესლიგის მეშვიდე ტურში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ „კიოლნს“ ესტუმრა და საოცარი მატჩი გამოვიდა - 4:4!
„კიოლნმა“ თამაში ფანტასტიკურად დაიწყო და მე-15 წუთისთვის 3:0-ს იგებდა. თითქოს, რაღა უნდა მომხდარიყო, მაგრამ „კარლსრუემ“ 12 წუთში მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა მარვინ ვანიცეკის დუბლით. მან პირველი გოლი ბუდუ ზივზივაძის პასით გაიტანა. თუმცა, პასი შეიძლება ხმამაღალი ნათქვამი იყოს: ბუდუმ ბურთი ვერ დაამუშავა, რის შემდგომაც მიუვიდა ვანიცეკს და გაიტანა. თუმცა, ოფიციალურ სტატისტიკაში ქართველს საგოლე პასი ჩაეწერა.
პირველი ტაიმის მიწურულს „თხებმა“ კიდევ გაიტანეს და ტაიმი 4:2 მოიგეს. თუმცა, მეორე ნახევრის სტარტზე, 52-ე და 55-ე წუთებზე სტუმრებმა ორჯერ გაიტანეს და ანგარიში გაათანაბრეს. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა. მატჩის გმირი ცალსახად ვანიცეკი იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი მიითვალა.
ქართველი ფორვარდი 79-ე წუთზე შეცვალეს. ზივზივაძეს 7 ტურში 6 გოლით ბომბარდირთა დავაში ლიდერობას „შალკეს“ ფეხბურთელ მუსა სილასთან ერთად იყოფს. ბუდუს აქტივში 2 საგოლე პასიცაა. გარდა ამისა, გერმანიის თასზე ერთ მატჩში თითო გოლი და ასისტი აქვს მითვლილი.
„კარლსრუე“ 7 ტურის შემდეგ 15 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში 4 ოქტომბერს, „დარმშტადტს“ უმასპინძლებს.