ფეხბურთი

23:48 | 9.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძის დებიუტი ევროპა ლიგაზე: "აიაქსი" ისევ დამარცხდა

როგორც იქნა, გიორგი მიქაუტაძე ათამაშეს. მართალია, ცოტა ხნით და ნახევარმცველად, მაგრამ მაინც - ამას ვინღა დაეძებს...

„აიქსი“ ევროპა ლიგის მეოთხე ტურში შინ „ბრაიტონთან“ 0:2 დამარცხდა, ისე, რომ შანსიც არ ჰქონია. ძალიან მძიმე დღეშია ამსტერდამული გუნდი, მიუხედავად იმისა, რომ წინა ორი თამაში ერედივიზიონში მოიგო.

ჯონ ვან ტსხიპის ხელმძღვანელობით მიქაუტაძემ პირველად ითამაშა. ის მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ნიდერლანდელმა მწვრთნელმა მეხუთე შეცვლა გამოიყენა და მანამდე ყველა შემტევი ჩართო თამაშში...

თავდამსხმელის პოზიციაზე თავიდან ბრაინ ბრობი თამაშობდა, მერე მას ჩუბა აკპომი შეუწყვილდა, ხოლო მიქაუტაძე ნახევარდაცვაში მოქმედებდა... ეს მისი მეხუთე მატჩია „აიაქსში“ და შედეგიანი მოქმედების გარეშეა. ვთქვათ ისიც, რომ ევროპა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა. ზოგადად, ევროთასებზე პირველად ითამაშა კარიერაში.

„აიაქსი“ ჯგუფში 2 ქულით ბოლო ადგილზეა და გასვლა გაუჭირდება, რადგან „ბრაიტონი“, აეკ-ი და „მარსელი“ მისთვის ძლიერი კონკურენტები არიან. „აიაქსი“ მომდევნო ტურში სტუმრად „მარსელს“ ეთამაშება.

დღესვე ევროპა ლიგაზე ითამაშა ლუკა გუგეშაშვილმა, რომელიც „ლევერკუზენთან“ თამაშში შეცვლაზე 85-ე წუთზე ჩაერთო, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ჯერ ყვითელი ბარათი მიიღო, მერე ვიქტორ ბინიფასემ პენალტი გაუტანა. „ლევერკუზენმა“ ამ გოლით 1:0 მოიგო. „ყარაბაღი“ 6 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 30 ნოემბერს, „მიოლდეს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.12061