ფეხბურთი

18:57 | 6.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა: "კარიერის "რეალში" დასრულება მინდოდა, მაგრამ ზოგჯერ რაღაცები იცვლება"

მადრიდის „რეალს“ კარიმ ბენზემა ემოციური წერილით დაემშვიდობა. როგორც მან თქვა, კარიერის „სამეფო კლუბში“ დასრულება უნდოდა, მაგრამ ზოგჯერ ცხოვრებაში განსხვავებული შესაძლებლობები ჩნდება.

„მადრიდის „რეალი“ ყოველთვის იქნება ჩემი ოჯახი და მის მატჩებს ყოველთვის ვუყურებ. ჩემი იდეა იყო კარიერის აქ დასრულება, მაგრამ ზოგჯერ ცხოვრებაში სხვა შესაძლებლობა ჩნდება. ეს იყო მშვენიერი თავგადასავალი ცხოვრებაში, გამიმართლა, რომ ბავშვობის ოცნება ავისრულე ფლორენტინო პერესის წყალობით, რომელიც პირველად რომ დავინახე, ვთქვი: ეს არის ადამიანი, რომელმაც რონალდო და ზიდანი იყიდა.

დროა სხვა ისტორიით ვიცხოვრო, მაგრამ ჩემთვის მთავარი ისაა, რომ ყველაფერი მოვიგე, რაც ბავშვობაში მინდოდა. მადლობა კარლო ანჩელოტისაც, რომელთანაც ბევრი ვისწავლე. ცოტა სევდიანი დღეა, რადგან ვტოვებ კლუბს, სადაც კარიერის დასრულება მინდოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ყოველთვის ერთ-ერთი თქვენგანი ვიქნები. მადლობა გულშემატკივრებს, რომ მომცეს ძალა, მადლობა ყველას“, - დაწერა ბენზემამ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ბენზემას აქამდე „ლიონსა“ და „რეალში“ აქვს ნათამაშები. ფრანგულ გუნდში მან 2004-2009 წლებში 148 მატჩში 66 გოლი გაიტანა, ხოლო ესპანურ გრანდში 2009-2023 წლებში 648 შეხვედრაში თავი 354-ჯერ გამოიჩინა. გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგმა „ალ-იტიჰადთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118882