ფეხბურთი

12:21 | 4.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "აღარ მაქვს ენერგია იმისათვის, რომ ნაპოლის ის მივცე, რასაც იმსახურებს"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „სამპდორიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა იმ მიზეზის შესახებ, რის გამოც კლუბიდან წასვლა გადაწყვიტა.

„მადლობას ვუხდი მათ, ვისაც ამ ორ დაუვიწყარ წელიწადში შევხვდი.

დე ლაურენტისი? ჩვენ ძალიან კარგად ვიმუშავეთ, ამიტომ, არ მინდა, დამსახურება ვინმეს დაეკარგოს. იმ ვახშამზე 15 წუთში ყველაფერი მოვაგვარეთ, შევთანხმდით, რომ საჯარო განცხადებას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ის გააკეთებდა. გადაწყვეტილებების მიღებისას აზრს ადვილად არ ვიცვლი, მივდივარ, რადგან ყველაფერი გავიღე.

ნეაპოლი ფანტაზიაზე მეტია, აქ უნდა იცხოვრო და მერე მიხვდები, რა არის. ალბათ, ნეაპოლიტანელი ცოტათი ყოველთვის ვიყავი, მაგრამ ეს 2 წელი დამჭირდა, რომ სრულად გავმხდარიყავი. საპატიო მოქალაქის წოდება ძალიან მომწონს და აღტაცებას იწვევს იმაზე ფიქრი, რომ 10 წელიწადში, როცა აქ დავბრუნდები, კვლავ სიყვარულით დამხვდებიან. თუმცა, ახლა აღარ მაქვს ის ენერგია, რომ გუნდს და ქალაქს ის მივცე, რასაც იმსახურებს“, - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი „ნაპოლის“ 2021 წლიდან ავარჯიშებდა და კლუბს 33-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა. ჯერჯერობით უცნობია ვინ შეცვლის მას, თავად იტალიელი სპეციალისტი კი, სავარაუდოდ, კარიერაში ერთწლიან პაუზას აიღებს.

0.099078