კალათბურთი

14:16 | 30.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

14 და 16 წლამდე გოგონათა ჩემპიონატები ორბის ასაკობრივმა გუნდებმა მოიგეს

დასრულდა საქართველოს 16 და 14 წლამდე გოგონათა ჩემპიონატი, რომლის გამარჯვებულებიც საკალათბურთო კლუბ ორბის შესაბამისი ასაკობრივი გუნდები გახდნენ. 16-წლამდელთა ფინალში ზვიად დიდბარიძისა და ვაჟა ჭკუასელის გაწვრთნილი ორბის მეტოქე დინამო გახლდათ, რომელმაც მომავალ ჩემპიონს მხოლოდ პირველ ნახევარში გაუწია წინააღმდეგობა, საბოლოოდ კი 54:72 დამარცხდა.

ტურნირების ორგანიზატორი გახლდათ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ქალთა კალათბურთის დეპარტამენტი, რომელსაც ვეტერანი კალათბურთელი, კახა შენგელია ხელმძღვანელობს. 16 წლამდე გოგონათა ჩემპიონატის ნახევარფინალები 27 მაისს გაიმართა და ფინალისტები იოლად, ზედმეტი დაძაბულობის გარეშე გამოვლინდნენ. დინამომ 82:56 დაამარცხა ბასტიონი, ხოლო ორბმა 89:62 სძლია ქუთაისს.

ნახევარფინალებში დამარცხებული გუნდების ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩში ბასტიონმა ქუთაისს 68:58 მოუგო. ფინალურ შეხვედრაში, როგორც აღვნიშნეთ, ბრძოლა არ შედგა. პირველი პერიოდი დინამოელებმა 18:16 მოიგეს, რაც დიდწილად ანა გელაშვილისა და ანასტასია ტუღუშის დამსახურებაა. ეს გოგონები მთელი სეზონის განმავლობაში გამოირჩეოდნენ და დინამოელებს ლიდერობდნენ.

მეორე პერიოდში ორბის კალათბურთელებმა თამაშში გარდატეხა შეიტანეს და 10-წუთეული 22:10 მოიგეს. დიდი შესვენებაზე დიდბარიძის გაწვრთნილი გუნდი უკვე 10 ქულით იგებდა და საბოლოოდ გამარჯვება ხელიდან აღარ გაუშვია. გამარჯვებულებს გვანცა შარიქაძემ 22 ქულით, 16 მოხსნით და 5 პასით ულიდერა. 26 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი და 4 ჩაჭრა სალომე სვანის ანგარიშზე დაგროვდა. დინამოში 15 ქულა, 19 მოხსნა და 7 პასი ანა გელაშვილმა მიითვალა, ანასტასია ტუღუშმა შეხვედრა 14 ქულითა და 17 მოხსნით დაასრულა.

ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ პრიზიორი გუნდები მედლებით საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კოტე ტუღუშმა დააჯილდოვა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა სალომე სვანი, ხოლო აღმოჩენა – ანასტასია ტუღუში. ჩემპიონ ორბის კაპიტანს საჩემპიონო თასი ქალთა კალათბურთის დეპარტამენტის უფროსმა, კახა შენგელიამ გადასცა.

14-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში ორბმა დაძაბულ ბრძოლაში – 79:76 დაამარცხა ბასტიონი და ოქროს მედლების მფლობელი გახდა. მესამე ადგილისთვის მატჩში სლავა ებრალიძის გაწვრთნილმა ზუგდიდმა 64:47 სძლია ბიძინა ჯაგაშვილის რუსთავს და ბრინჯაოს მედლებს დაეპატრონა. პრიზიორები ქალთა კალათბურთის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ლელა ცანავამ, და კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა, მიხეილ დოლიძემ დაჯილდოვეს.

დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო მოთამაშედ ორბის წევრი, ანა მესტუმრიშვილი დასახელდა, ხოლო ტურნირის აღმოჩენა გახდა ბასტიონის უკანახაზელი, ლიზი ჯაბუა.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114059