ფეხბურთი

23:10 | 10.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია მიქაუტაძეზე: "კვარაცხელიას ტყუპისცალი ევროპას აგიჟებს

ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ იტალიური მედიის ყურადღების ცენტრში გიორგი მიქაუტაძე ბოლო პერიოდში ხშირად მოხვდა. ამჯერად „მეცის“ 22 წლის შემტევს ვრცელი წერილი ultimecalcionapoli-მ მიუძღვნა, რომელიც წერს, რომ კვარაცხელიას „ტყუპისცალი“ ევროპას აგიჟებს.

„ხვიჩა კვარაცხელიამ იტალია და ევროპა დაიპყრო, ახლა კი მისი „ტყუპისცალი“ მზადაა იგივე გააკეთოს. კვარაცხელიას თამაშებმა ჩვენს ლიგაში პირველ წელს ყველაზე შთაბეჭდილება მოახდინა და ევროპის ტოპკლუბების ყურადღება მიიპყრო. ქართველ ტალანტს ბევრი შემოთავაზება აქვს, მაგრამ დე ლაურენტისმა ამ ეტაპზე ყველა წინადადება უარყო. „ნაპოლის“ მეპატრონე მიზნად ისახავს ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ამისთვის გუნდის ყველა ფუნდამენტური ელემენტის შენარჩუნება მოუწევს. მათ შორის, მისი და ოსიმენის წყვილის, რომელმაც „აძურის“ 33 წლის შემდეგ სკუდეტო მოაგებინა.

არავინ ელოდა ასეთ გავლენას ბიჭისგან, რომელიც მანამდე მაღალ დონეზე არ თამაშობდა. სეზონის ერთადერთი უარყოფითი ნოტი არის ჩემპიონთა ლიგაზე „მილანთან“ გაცუდებული პენალტი. ახლა მსოფლიოს ყველა კლუბს სურს ჯუნტოლის ტაქტიკის გამოყენება და ქართველი ტალანტების მოძიება. ერთი უკვე არსებობს: აი, ვინ არის...

კვარას „ტყუპისცალი, რომელიც ევროპას აგიჟებს. ვინ იფიქრებდა ამას რამდენიმე წლის წინ? ალბათ, არავინ, მაგრამ ახლა ტალანტები იწყებენ თავის წარმოჩენას. ფაქტობრივად, მხოლოდ კვარა არ აგიჟებს ნახევარ ევროპას, არამედ მისი ერთ-ერთი თანამემამულე ლიგა 2-ში „მეცის“ მაისურით ძალიან კარგად თამაშობს.

მას გიორგი მიქაუტაძე ჰქვია და სულ რაღაც 22 წლისაა. ის არის თანამედროვე ფორვარდი, რომელსაც შეუძლია შეტევაში პოზიციების შეცვლა და თანაგუნდელებთან მოედანზე კომუნიკაცია. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი არ არის, შეუძლია თავითაც კარგად თამაში. თუმცა, მისი საუკეთესო იარაღი ძლიერი და ზუსტი დარტყმაა კუთხეებში, რაც მას კარის წინ დაუნდობელს ხდის. თავისი გოლებით ის „მეცს“ ლიგა 1-ში გადასვლისკენ მიათრევს.

მიქაუტაძე ეროვნულ ნაკრებში მეგობარ კვარაცხელიასთან ერთად აშკარად ამოსავალი წერტილია. „მეცს“ სურს კიდევ ერთი სეზონით მისი შენარჩუნება, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება. ახლა მისი ფასი არც ისე მაღალია და ბევრ კლუბს შეუძლია ამით ისარგებლოს. ერთ-ერთი განსაკუთრებით, „უდინეზეა“, რომელიც ბეტოს მემკვიდრეს ეძებს. 22 წლის თავდამსხმელს კონტრაქტი 2026 წელს ეწურება, რომელიც ბოლოს გასული წლის 17 ნოემბერს გაახანგრძლივა. მისი საბაზრო ღირებულება დაახლოებით 10 მილიონ ევროს შეადგენს“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე 33 მატჩში გატანილი 22 გოლით ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირია და კონკურენტს დამაჯერებლად უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110339