ფეხბურთი

22:03 | 28.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

მოგებაც შეიძლებოდა და წაგებაც: საქართველოს ნაკრების ქულა ნორვეგიასთან

საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ნორვეგიის ნაკრებთან ფრით დაიწყო - 1:1. მთლიანობაში, მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ალბათ, შედეგი ლოგიკურია.

პირველი ტაიმი ნორვეგიის იყო. მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ძლიერი ქარი ამოვარდა, რამაც თამაშის საწყის წუთებზე გავლენა ნამდვილად მოახდინა. ანგარიში კი სტუმრებმა სწრაფად გახსნეს, მე-15 წუთზე პირველივე გააზრებული შეტევით.

ალექსანდერ სორლოთს დასარტყმელად ქართველმა მცველებმა დიდი დრო დაუტოვეს და მანაც კლასის ხარჯზე კუთხეში ზუსტად დაარტყა - გიორგი მამარდაშვილს შანსი არ ჰქონდა. მერეც ნორვეგია უტევდა, ერთ მომენტში გოლს მამარდაშვილმა გადაგვარჩინა, ხოლო შემდეგ დამატებაზე პრაქტიკულად დაუცველ კარს ააცილეს სტუმრებმა.

ჩრდილში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რადგან ნახევარმცველები მისთვის ბურთის მიწოდებას ვერ ახერხებდნენ, თუმცა, ტაიმის ბოლოს სიტუაცია შედარებით გამოსწორდა. ვილი სანიოლის გუნდი, როგორც იქნა, მეტოქის ნახევარზე მეტ დროს ატარებდა და საჯარიმოსთანაც მიდიოდა. თუმცა, რეალური საგოლე მომენტი ერთადერთი იყო: 39-ე წუთზე ირაკლი აზაროვის დროული პასით კვარაცხელიამ ძალიან ტექნიკურად დაარტყა, მაგრამ არ გაუმართლა, ბურთი მცირედით ასცდა ნორვეგიელთა კარს.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო. ბურთსაც ფლობდა და შეტევაზეც ფიქრობდა. 50-ე წუთზე ვილი სანიოლის გუნდი ახლოს იყო გოლთან, მაგრამ ოთარ კაკაბაძის დარტყმა მეკარე ნილანდმა მოიგერია და ნორვეგია გადაარჩინა. ადვილი შესამჩნევი გახლდათ, რომ საქართველოს ნაკრები შეიცვალა და ვილი სანიოლმაც ამას ცვლილებები დაუმატა: 3-4-2-1 სქემა 4-4-2-ზე გადააწყო, ჯიმი ტაბიძისა და ზურიკო დავითაშვილის ნაცვლად მოედანზე საბა ლობჟანიძისა და ბუდუ ზივზივაძის შეყვანით. ამან შედეგი 1 წუთში გამოიღო! ბუდუს პასით გიორგი მიქაუტაძემ თავით ბურთი ისე იდეალურად შეიგდო საჯარიმოში, რომ მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1. მალევე საბა ლობჟანიძე დაემუქრა ნორვეგიელთა კარს, მაგრამ ნილანდმა ისევ შესანიშნავად ითამაშა, თორემ ორწუთიან ინტერვალში წინ გასვლის ჩინებული შანსი იყო.

თუმცა, შემდეგ ნელ-ნელა თამაში ნორვეგიელთა სასარგებლოდ წარიმართა და სტუმრებმა მომეტებიც შექმნეს. ერთხელ გიორგი მამარდაშვილმა სასწაულებრივ იხნსა გუნდი, ხოლო შემდეგ გიორგი გოჩოლეიშვილმა დაასწრო შემტევს, დამატებაზე კი 2 მეტრიდან მათ კარს ააცილეს! აქ, საქართველოს ნაკრები მართლაც საოცრად გადარჩა. თამაშის ბოლომდე მხოლოდ 14 წუთი რჩებოდა. 81-ე წუთზე მასპინძლებმაც შექმნეს საგოლე მომენტი - კვარას დარტყმა შორეულ კუთხეში კარს მცირედით ასცდა. დარჩენილ დროში არაფერი გამოსარჩევი მომხდარა და ფრე 1:1.

ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩებს 17 და 20 ივნისს, კვიპროსსა და შოტლანდიასთან გამართავს. ორივე შეხვედრა სტუმრად ჩატარდება.

საქართველო - ნორვეგია 1:1 (0:1)

ბათუმი, „აჭარაბეთ არენა“

საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი; კვირკველია, კაშია, ტაბიძე (ზივზივაძე 59); კაკაბაძე, კვეკვესკირი, აბურჯანია (გაგნიძე 90), აზაროვი (გოჩოლეიშვილი 70); დავითაშვილი (ლობჟანიძე 59), კვარაცხელია; მიქაუტაძე (ბერიძე 90)

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

ნორვეგია (4-3-3): ნილანდი; პედერსენი (რიერსონი 90), სტრანდბერგი, ოსტიგორი, მელინგი; ოდეგორი, ბერგი (თორსტვეიდტი 90), აურსენსი; სოლბაკენი (ბრინჰილდსონი 82), სორლოთი, ელიუნუსი (ბერგე 78)

მწვრთნელი: სტალე სოლბაკენი

გოლები: 0:1 სორლოთი (15), 1:1 მიქაუტაძე (61)

გაფრთხილება: აზაროვი (53), აბურჯანია (72), გოჩოლეიშვილი (90) - სოლბაკენი (80), მელინგი (89)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (3) – 16 (5) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: ანდრის ტრეიმანისი (ლატვია)

0.125056