ფეხბურთი

16:33 | 27.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "კვარაცხელია ნაკრებსა და კლუბში განსხვავებულად თამაშობს"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩის წინ, რომელშიც ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდი ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდება, პრესკონფერენცია გამართა.

ფრანგმა სპეციალისტმა მოახლოებულ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა, მათ შორის, კონკრეტული ფეხბურთელების კონდიციების შესახებ და თამაშის მოლოდინზე.

„რა თქმა უნდა, ესპანეთი - ნორვეგიის მატჩს ვუყურეთ. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ისინი არ იმსახურებდნენ ასეთი ანგარიშთ წაგებას, ბოლო ორი გოლი მატჩის მიწურულს გაუშვეს. ძალიან კარგად ითამაშეს. ჩემს ფეხბურთელებს კარგად ესმით, რომ რთული თამაში იქნება, რისთვისაც მზად ვართ.

ხვიჩა ოსტიგორს კარგად იცნობეს, მაგრამ მთავარია გუნდი, არა ინდივიდები. ხვიჩა „ნაპოლიში“ ხშირად განსხვავებულ პოზიციებზე თამაშობს, ვიდრე საქართველოს ნაკრებში. ერთა ლიგის ჯგუფთან შედარება? ბულგარეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის პატივისცემის მიუხედავად, ეს ჯგუფი უფრო ძლიერია და უფრო ძლიერი მეტოქეები გვყავს. ჩვენ გავაანალიზეთ ერთა ლიგის მატჩები, მაგრამ ახლა ძალიან მაინტერესებს, როგორ ვითამაშებთ ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ და მოუთმენლად ველოდებით მატჩებს.

როგორც ფეხბურთის მოყვარულს, მინდა, რომ მოედანზე ყოველთვის საუკეთესო მოთამაშეები იყვნენ. ეს ჩვენი ფეხბურთელებისთვისაც დიდი მოტივაციაა. ნორვეგიის ნაკრებისთვის მისი არყოფნა დიდი დანაკლისია, ამიტომ, სავარაუდოდ, სისტემას შეცვლიან, რაც ჩვენთვის გამოწვევაა, რისთვისაც მზად ვართ.

საქართველოს ნაკრები განსხვავებულად თამაშობს, ვიდრე „ნაპოლი“, ამიტომაც ვთქვი, რომ კვარაცხელია ნაკრებში სხვანაირად თამაშობს, ვიდრე კლუბში. ერთა ლიგაზე მან დაამტკიცა, რომ ნაკრებში ისეთ მაღალ დონეს აჩვენებს, როგორც „ნაპოლიში“.

ახალგაზრდები? ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებში არაერთი ნიჭიერი, ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოჩნდა. თუ არ მეშლება, 11 ფეხბურთელი გვყავს გუნდში, რომლებსაც 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე თამაში შეუძლია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ვითარდებიან. ვიმედოვნებ, რომ ყველა მათგანი გააგრძელებს შრომას და ნაკრებში უფრო ხშირად მოხვდებიან“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებთა მატჩი 28 მარტს, ბათუმში, "აჭარაბეთ არენაზე" 20:00 საათზე გაიმართება. სანიოლის გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპს ამ თამაშით დაიწყებს, ხოლო ნორვეგიამ 25 მარტს, სტუმრად ესპანეთის ნაკრებთან 0:3 წააგო.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნორვეგიასთან ურთიერთშეხვედრებში უარყოფითი ბალანსი აქვს: 3 მატჩი, 3 წაგება - 1996 წელს სპარინგში 0:1, ხოლო 1999 წელს ევრო 2000-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1:4 და 0:1.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125122