ფეხბურთი

1:10 | 27.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს დუბლი, მცველის ჰეთ-თრიქი და ყაზახეთის სენსაცია

ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე მეორე ტური დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად, საქართველოს ნაკრებს ჯერ პირველი მატჩიც არ ჩაუტარებია. მეორე ტურის პირველი სათამაშო დღე კი ძალიან საინტერესო გამოდგა.

C ჯგუფი

ინგლისის ნაკრები ამ ჯგუფში აშკარა ფავორიტად მოსჩანს, მიუხედავად იმისა, რომ აქ ევროპის მოქმედი ჩემპიონი იტალიაა. ალბიონელებმა „სკუადრა აძურას“ პირველ ტურში ნეაპოლში მოუგეს, ხოლო ამჯერად საკუთარ მოედანზე უკრაინის ნაკრების დამარცხება არ გასჭირვებიათ. ჰარი კეინმა და ბუკაიო საკამ პირველი ტაიმის მიწურულს ორჯერ დაამწუხრეს მეტოქე, მერე კი არაფერი შეცვლილა.

იტალიის ნაკრებმა ინგლისთან წაგებისა და საშინელი თამაშის შემდეგ სტუმრად მალტის ნაკრები დაამარცხა, მაგრამ ეს თამაში ცხადია, იტალიელთა კრიზისულ პერიოდს ვერ დაასრულებს. ისე კი, რობერტო მანჩინის გუნდმა პირველივე ტაიმში გადაწყვიტა მატჩის ბედი. ისევ გაიტანა გოლი არგენტინელმა მატეო რეტეგიმ, რომელმაც იტალიის მოქალაქეობა მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე არგენტინის ჩემპიონატში ირჯება, იტალიის ნაკრებში ძირითად შემადგენლობაში შინაურდება. მან ინგლისსაც გაუტანა და ახლა მალტის ნაკრებიც დაამწუხრა. ვერაფერს იტყვი, სტარტი გადასარევია. მეორე გოლი მატეო პესინას აქტივშია.

ჯგუფს ინგლისი უდგას სათავეში 6 ქულით, იტალიას და ჩრდილოეთ მაკედონიას 3-3 ქულა აქვთ, უკრაინისა და მალტის აქტივში ჯერჯერობით, ქულა არ არის.

ინგლისი - უკრაინა 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 კეინი (37), 2:0 საკა (40)

მალტა - იტალია 0:2 (0:2)

გოლები: 0:1 რეტეგი (15), 0:2 პესინა (27)

H ჯგუფი

H ჯგუფში დიდი სენსაცია მოხდა. დანიის ნაკრებმა ყაზახეთში წააგო. ეგ კიდე არაფერი, უფრო საინტერესო ისაა, რომ სკანდინავიელები 2:0-ს იგებდნენ, პირველ ტაიმში და 73-ე წუთამდე ინარჩუნებდნენ უპირატესობას. დუბლი შეასრულა რასმუს ჰოილუნმა, 21 წლის ფორვარდმა, რომელმაც წინა ტურში ჰეთ-თრიქი გაიფორმა. თუმცა, ყაზახეთის ნაკრებმა ბოლო წუთებზე 3 გოლი გაიტანა და დანია შინ უქულოდ გაუშვა.

სლოვენიის ნაკრებს უსუსტესი სან მარინოს ძლევა გაუჭირდა, მაგრამ მაინც დაამარცხა და ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს. აი, მერე ერთბაშად 3-3 ქულა აქვთ დანიას, ყაზახეთს, ფინეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიას. სან მარინო უქულოდაა.

სლოვენია - სან მარინო 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 შეშკო (56), 2:0 დი მაიო (60, ა.გ)

ყაზახეთი - დანია 3:2 (0:2)

გოლები: 0:1 ჰოილუნი (21), 0:2 ჰოილუნი (35), 1:2 ჟაინუტდინოვი (73), 2:2 ტაგიბერგენი (86), 3:2 აიმბეტოვი (89)

ჩრდ. ირლანდია - ფინეთი 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 კალმანი (28)

J ჯგუფი

J ჯგუფში პორტუგალიის ნაკრებმა ძალიან მარტივი და ლაღი სტარტი აიღო, რაც მოსალოდნელი იყო, მეტოქეებიდან გამომდინარე, ჯერ ლიხტენშტეინი და ახლა ლუქსემბურგი, რომელსაც სტუმრად 6 გოლი გაუტანა. 6-დან 2 გოლი კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზეა, რომელმაც ბოლო ორ სანაკრებო შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, ხოლო მთლიანობაში ნაკრებში უკვე 122 გოლი აქვს...

ისლანდიის ნაკრებმა სტუმრად ლიხტენშტეინი 7:0 გაანადგურა. სტუმართაგან 3 გოლი არონ გუნარსონის ანგარიშზეა, ცენტრალური მცველის, რომელმაც ნაკრებში 101-ე თამაში ჩაატარა. ამას ხაზს ვუსვამთ, რადგან მანამდე 100 მატჩში 2 გოლი გაეტანა, ახლა კი ერთ შეხვედრაში 3-ჯერ გაიხარა.

ჯგუფს პორტუგალია 6 ქულით ლიდერობს, სლოვაკეთს 4 ქულა აქვს, ბოსნიას და ისლანდიას 3-3 ლუქსემბურგს 1 და ლიხტენშტეინი ქულის გარეშეა.

ლუქსემბურგი - პორტუგალია 0:6 (0:4)

გოლები: 0:1 რონალდუ (9), 0:2 ჟოაო ფელიქსი (15), 0:3 ბერნარდო სილვა (18), 0:4 რონალდუ (31), 0:5 ოტავიო (77), 0:6 ლეაო (88)

სლოვაკეთი - ბოსნია 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 მაკი (13), 2:0 ჰარასლინი (40)

ლიხტენშტეინი - ისლანდია 0:7 (0:2)

გოლები: 0:1 ოლაფსონი (3), 0:2 ჰარალდსონი (38), 0:3 გუნარსონი (48), 0:4 გუნარსონი (68), 0:5 გუნარსონი (73), 0:6 გუდიონსენი (85), 0:7 ელერტსონი (87)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.14526