კალათბურთი

18:53 | 6.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

რუსთავის იოლი გამარჯვება ვერასთან და მიმდინარე სუპერლიგის გაუმჯობესებული რეკორდები

სუპერლიგის მორიგი ტური დღეს რუსთავში რეკორდული მატჩით დასრულდა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა რუსთავმა დავით გასიტაშვილის ვერას უმასპინძლა და 59-ქულიანი სხვაობით – 129:70 (სტატისტიკა) სძლია. ამ მატჩში დაფიქსირდა მიმდინარე სუპერლიგის არაერთი რეკორდი, იქნება ეს მოპოვებული ქულები, ანგარიშში სხვაობა, ჩაგდებული ორქულიანები… ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სუპერლიგის აუტსაიდერმა ვერამ ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია საკმაოდ კარგად მოასპარეზე რუსთავს და უიმედოდ წააგო.

მატჩის ბედი ლამის პირველივე პერიოდში გადაწყდა, რომელიც მასპინძლებმა 31:13 მოიგეს. ანატოლი ბოისამ საკმაოდ კარგი გუნდი შეკრა. თითოეულ მოთამაშეს კარგი როლი მოარგო და აათამაშა. გუგა პატაშური, რომელიც 29 იანვარს გამართულ ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP გახდა, ბრწყინვალე სეზონს ატარებს. ყველაზე გაუმჯობესებული მოთამაშის პრიზი რომ თამაშდებოდეს, მისი მოგების უმთავრესი კანდიდატი სწორედ პატაშური იქნებოდა. რუსთავის სპორტსკოლაში გაზრდილმა ფორვარდმა უდიდესი პროგრესი განიცადა და დღეს ის ქვემოქართლელთა გუნდის მთავარი თუ არა, ერთ-ერთი ლიდერია.

პატაშურისა და მისი 2 კბილა მოთამაშის – ლევან ბაბილოძისა და ლუკა ბულაშვილის ზეშედეგიანი თამაშით რუსთავმა ძალიან იოლად სძლია მეტოქეს. სამივე ეს მოთამაშე სხვადასხვა ქალაქებში – თბილისში, ბათუმსა და რუსთავში არიან გაზრდილები, თუმცა ქვემოქართლურ გუნდში ისინი ისე შეთამაშდნენ – რუსთაველების მოწონებული.

ბაბილოძემ 18-დან 12 ორქულიანი ჩააგდო და 28 ქულასთან ერთად 8 მოხსნა და 5 პასიც მიითვალა. ბულაშვილმა 26 ქულა, 8 პასი და 4 ჩაჭრა მოაგროვა. პატაშურის ანგარიშზე 18 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა. ვერელთაგან 15 ქულით ბომბარდირი ლუკა ზაქრაძე გახდა. 14 ქულა კაიდენ რაისის ანგარიშზეა. ამ გამარჯვებით რუსთავი მოგებ-წაგებებით კავკასიას გაუთანაბრდა და მასთან ერთად სუპერლიგის ცხრილის მე-2 ადგილს იყოფს. ვერა კი ბოლო ადგილზეა და ისეთ ვითარებაშია, სუპერლიგიდან დაქვეითების ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია.

GBF.GE

0.112646