კალათბურთი

1:06 | 6.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას MVP-ის ტიტული სერია A-ში

იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ „ბრეშას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 84:78 იმარჯვა. თორნიკე შენგელიას გუნდმა მობილიზება დასკვნით მეოთხედში მოახერხა, რომელიც 6 ქულით მოიგო და სწორედ ამ სხვაობით გაიმარჯვა.

შენგელია მატჩის MVP გახდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 23 წუთში 18 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 8-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გახლდათ.

ბოლონიელთა რიგებში შესანიშნავი თამაში ჰქონდა ვეტერან მარკო ბელინელისაც, რომელმაც 18 წუთში საკუთარ გუნდს 23 ქულა შესძინა.

„ვირტუს ბოლონია“ 14 მოგებით და 4 წაგებით „ოლიმპია მილანოსთან“ ერთად ლიდერობას იყოფს, მომდევნო ტურში კი 12 თებერვალს, ბექა ბურჯანაძის „რეჯანას“ სტუმრად შეხვდება.

ბექა ბურჯანაძის „რეჯანა“ „პეზაროს“ ესტუმრა და 74:85 დამარცხდა. მატჩის ბედი ბოლო პერიოდმა გადაწყვიტა, რომელიც რეჯიო ემილიელებმა 9 ქულით წააგეს და მარცხიც განიცადეს.

ქართველმა კალათბურთელმა 21 წუთში 4 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. ბექამ 2-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 4 სამქულიანი და 1 საჯარიმო ააცილა.

„რეჯანა“ 5 მოგებით და 13 წაგებით სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-16 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 12 თებერვალს, თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120673