ძიუდო

17:58 | 5.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის ფინალშია, ლუკა მაისურაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

პარიზის გრანდ სლემის მეორე და ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს ორი წარმომადგენელი მედლისთვის იბრძოლებს - ტატო გრიგალაშვილი ოქროსთვის, ლუკა მაისურაძე კი ბრინჯაოსთვის.

81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა იტალიელი ლორენცო პაროდი, იაპონელი კენია კოჰარა და ემირატების სახელით მოასპარეზე ნუგზარ ტატალაშვილი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში თურქ ვედათ ალბაირაქს შეხვდა, რომელიც დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე გერმანელი ტიმო კაველიუსი იქნება.

90 კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძემ ლიბანელი კარამნობ საგაიპოვი, ბელგიელი სამი ჩოუჩი და თურქი მიჰაელ ზგანკი დაამარცხა, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ მურად ფატიევს გაეჯიბრა, რომელთანაც წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის ჩეხ დავიდ კრამერტს შეხვდება.

ლაშა ბექაური, გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი თავიანთ პირველივე შეხვედრებში დამარცხდნენ და მედლისთვის ვეღარ იბრძოლებენ.

90 კგ წონაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა იასპარეზა, რომელიც საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო, მაგრამ პირველივე ბრძოლა წააგო ფრანგ მაქსიმ-გაელ ნგიაპ ჰამბოსთან და უმედლოდ დარჩა.

100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანმა ასპარეზობა ემირატების სახელით მოასპარეზე ჯაფარ კოსტოევთან შეხვედრით დაიწყო, რომელიც წააგო და გრანდ სლემს დაემშვიდობა.

ამავე წონაში გიორგი ბერიაშვილმა კუბელი ლიესტერ კარდონა და ყაზახი ნურლიხან შარხანი დაამარცხა, მაგრამ მესამე წრეში ბელგიელ ტომა ნიკიფოროვთან წააგო და რეპეშაჟშიც ვერ გადავიდა.

+100 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ორი წარმომადგენელი ჰყავდა, მაგრამ ორივე უმედლოდ დარჩა. გურამ თუშიშვილმა პირველივე შეხვედრა წააგო იაპონელ ჰიოგა ოტასთან და ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა. საბა ინანეიშვილმა ასევე პირველი ბრძოლა დათმო უზბეკ ალიშე იუსუპოვთან და ისიც უმედლოდ დარჩა.

ქალთა შორის, 70 კგ წონით კატეგორიაში უნდა ეასპარეზა ელისო სისაურს, მაგრამ ის ტურნირზე არ გამოცხადებულა.

შეგახსენებთ, პარიზის გრანდ სლემზე გუშინ ოქროს მედალი ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116287