რაგბი

16:04 | 5.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა | ლიდერმა ‘არწივებმა’ მდევარს 8 ქულით გაუსწრო

‘არწივების’ მდევარმა ‘არმიამ’ სეზონში მეორე მარცხი იწვნია, რის შემდგომ პირველობის ყველა მატჩის მომგებმა ლიდერმა გურულებმა „არმიელებს“ 8 ქულით გაუსწრეს და რეგულარული სეზონის პირველი გუნდის სტატუსის ოფიციალურ გაფორმებას ბევრი აღარაფერი აშორებთ. მორიგ ტურში ლიდერები ერთმანეთს დედაქალაქში დაუპირისპირდებიან. მოწინავე კვარტეტში ‘ტაო’ და ‘არმაზი’ ტოლი ქულებით რჩებიან, თუმცა უკეთესი პირისპირ ბალანსის მქონე მესხები ცხრილის მესამე საფეხურს ინარჩუნებენ. მე-5 პოზიციაზე მყოფმა ‘ვეფხვებმა’ ლიდერთა ოთხეულთან ჩამორჩენა 5-ქულამდე შეამცირეს.

მიჯრით მესამე მოგებით ‘გორმა’ პლეი ოფის ზონაში აინაცვლა და ‘იუნკერებს’ 3 ქულით გაუსწრო. ‘ბაგრატმა’ წლეულს პირველი სამატჩო ქულა მოიპოვა, ცხრილში ‘მათეს’ გაუტოლდა და თან უკეთესმა პირისპირ ბალანსმა რიონისპირელებს პლეი აუტის ადგილიდან თავის დაღწევის შესაძლებლობაც მისცა. ლიგიდან გასავარდნ, ბოლო ადგილზე მყოფი ‘ბორჯომი’ მხსნელ ზონას 13 ქულით ჩამორჩება.

მე-13 ტურის გამორჩეული შეხვედრა ვაზისუბანში გაიმართა. მარნეულის ‘არმაზმა’ ‘არმიას’ უმასპინძლა. უაღრესად დაძაბული შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მეტოქეებმა მთლიანობაში 3-3 ლელოს გატანა მოახერხეს, შესვენებაზე კი 2-2 გარდასახული ლელოთი საყაიმო ანგარიშზე წავიდნენ.

მეორე ტაიმის დებიუტში ‘არმია’, ფრთა ბექა მაჭარაშვილის შესრულებული „დუბლით“ 5 ქულით დაწინაურდა, რასაც დარჩენილ დროში ‘არმაზის’ კაპიტან და კვაჭ საბა კურატიშვილის საპასუხო ლელო მოჰყვა. ქვემო ქართლელთა გამოცდილმა მგეზავმა ბახვა კობახიძემ სამივე გარდასახვა გამოიყენა და მატჩის მიწურულს გატანილი ჯარიმით საკუთარი გუნდის რთული გამარჯვებაც დააფიქსირა, მეტოქე კი ოდენ ნუგეშ-ქულას დააჯერა – 24:19.

„არმიელთა“ წაფორხილებით ოზურგეთის ‘არწივებმა’ კარგად ისარგებლა. პირველობის ლიდერი საკუთარი ქალაქის ცენტრალურ არენაზე ჭიათურას ‘მათეს’ მასპინძლობდა. ზემო იმერლებმა წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ მატჩის დებიუტში მოახერხეს და მოლის ჩაქცევისთვის დანიშნული ტექნიკური ლელოთი ანგარიშის გათანაბრებაც შეძლეს. გია ამირხანაშვილის შეგირდებმა ტემპს უმატეს, მეტოქეს სათამაშო სივრცე მაქსიმალურად შეუზღუდეს და დარჩენილ დროში 13 უპასუხო ლელო დაუდეს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გურულების მგეზავ მარვინ ფრედერიკსის გააზრებული და შედეგიანი თამაში. ფრედერიკსმა შესრულებულ „დუბლთან“ ერთად, 12 გარდასახვაც გამოიყენა – 96:7.

ქუთაისში, ‘ბაგრატმა’ სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ დიდი ბრძოლა გაუმართა, 4 ლელოც გაიტანა, თუმცა საუცხოოდ მობურთავე მესხების მარბიელ რატუ ნაკიკას ვერაფერი მოუხერხა. სწორედ ფიჯელის უნარიანი და ეფექტური თამაშის წყალობით ‘ტაომ’ 5 ლელოს დადება და გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება მოახერხა. მესხთა შუამარბმა გიგა ჩაბაკაურმა „დუბლი“ შეასრულა. ‘ბაგრატმა’ ბოლომდე იბრძოლა. რიონისპირელებს საკუთარი 22-იანიდან კარგად გამოქონდათ ოვალი, სწრაფ კონტრშეტევებს ახორციელებდნენ და მატჩის მიწურულს მარქაფადან ჩართული ფრთა საბა ხელაძის ლელოთი ნუგეშსაც გამორჩნენ – 31:24.

პატარძეულის ‘ვეფხვებმა’ ‘იუნკერებს’ რუსთავში, „ხარები არენაზე“ უმასპინძლა. გარე კახელები მგეზავ ლაშა ბრეგვაძის 3 გატანილი ჯარიმით დაწინაურდნენ და კვაჭ გიორგი გოგუაძის დადებული ლელოთი შესვენებაზე 16-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. მეორე ნახევარში ‘ვეფხვების’ გამოკვეთილი უპირატესობა 4 გატანილ ლელოში აისახა. კიკეთელთა მარცხს წერტილი ფრთა საბა ცხვარიაშვილის ლელომ დაუსვა. ‘იუნკერები’ კი „მშრალი“ ანგარიშით წაგებას შუამარბ ლევან თომაძის ინდივიდუალური გარღვევით გატანილმა ეფექტურმა ლელომ გადაარჩინა – 44:7.

მე-13 ტური, „რაგბი პლატოზე“ ‘ბორჯომი’-‘გორის’ დრამატული შეხვედრით დასრულდა. თორელებს ლიგაში დარჩენაზე შანსის შესანარჩუნებლად ხელს მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ. ‘გორი’ პრაგმატულად ირჯებოდა და მეტოქის შეცდომებით კარგად სარგებლობდა. მხტომელ ელდარ პატარაიასა და ფულბეკ დავით მთვარაძის ლელოთა წყალობით (შუამარბმა გიორგი ჭაჭავაძემ ორივე გარდასახვა გამოიყენა და 2 ჯარიმაც ზუსტად დაარტყა) მეორე ტაიმის შუაწელს შიდა ქართლელთა უპირატესობამ 15-ქულა შეადგინა.

‘ბორჯომი’ გააფთრებით იბრძოდა და ბურჯ ზურა აფციაურისა და ფრთა ლევან კალანდარიშილის ლელოთა წყალობით ანგარიშში ჩამორჩენა მატჩის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე 3-ქულამდე შეამცირა. მართალია, მატჩის დასკვნითი ნაწილიც თორელთა კარნახით წარიმართა, თუმცა გადამეტებული სიჩქარის გამო ‘ბორჯომმა’ ლელოს გატანის 2 ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა და შეხვედრაც გორელთა გამარჯვებით დასრულდა – 20:17.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112931