რაგბი

14:49 | 5.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები გერმანია გაანადგურა და წელი გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2023 წელს პირველი შეხვედრა ჩაატარა და როგორც მოსალოდნელი იყო, წელი გამარჯვებით დაიწყო.

ლევან მაისაშვილის გუნდი გერმანიის ნაკრებთან აშკარა ფავორიტი იყო და მოგებაც არ გასჭირვებია. კლასში სხვაობა ძალიან დიდი გახლდათ, ანგარიშიც სრულად მეტყველებს ამაზე - 75:12.

პირველი ტაიმი „ბორჯღალოსნებმა“ 42:0 მოიგეს და უპირატესობა მეორე ტაიმშიც განიმტკიცეს. მთლიანობაში საქართველოს ნაკრებმა 11 ლელო მიითვალა. რა თქმა უნდა, გერმანიის ნაკრები შეფასების საზომად ვერ გამოდგება, მაგრამ წლის ასეთი გამარჯვებით დაწყება მაინც სასიამოვნოა. საუკეთესო აკაკი ტაბუცაძე იყო, რომელმაც 3 ლელო მიითვალა. ასევე სამჯერ დაალელოვა მეტოქე გიორგი ცუცქირიძემ. ერთი ლელოთი და 10 გარდასახვით გამოირჩა ლუკა მატკავა.

საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის 2023 წლის სეზონში, რომელიც ახალი ფორმატით ტარდება, A ჯგუფში გალიდერდა. „ბორჯღალოსნები“ მომდევნო შეხვედრას 11 თებერვალს, სტუმრად ნიდერლანდების ნაკრებთან გამართავენ.

საქართველო - გერმანია 75:12 (42:0)

ქულები: მატკავა (1 ლ, 10 გ), ტაბუცაძე (3 ლ), აბულაძე (ლ), მიქაუტაძე (ლ), ჯალაღონია (ლ), ცუცქირიძე (3 ლ), ალანია (ლ)

0.11437