ფეხბურთი

22:12 | 1.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია და ოსიმენი: რეკორდული დუეტი, რომელიც იტალიაში საუკეთესოა

იტალიურმა გამოცემა Il Mattino-მ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს ვრცელი სტატია მიუძღვნა, რომელშიც საუბარია ამ ფეხბურთელების ურთიერთკავშირზე მოედანზე.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ და ოსიმენმა ჯამში 38 გოლში მიიღეს მონაწილეობა (გოლები და საგოლე პასები). იტალიაში ასეთი შედეგიანი არცერთი დუეტია, ევროპაში კი ლიდერთა შორისაა. სტატიის სათაურიც მრავლისმეტყველია: ოსიმენი და კვარაცხელია - რეკორდული დუეტი.

„გოლების თერმომეტრი 38 გრადუსს აჩვენებს. სინამდვილეში კი ეს ოსიმენი-კვარაცხელიას დუეტის მიერ შექმნილი გოლების რაოდენობაა (გოლები და საგოლე პასები). ისინი სპალეტის მთავარი გმირები არიან და მალევე გახდა სერია A-ს ყველაზე ლამაზი წყვილი. თავისი 15 გოლით (14 სერია A-ში და 1 ჩემპიონთა ლიგაზე) ვიქტორი ბომბარდირია, ხოლო კვარა მთლიანობაში 11 საგოლე პასით ინსპირატორია. წარმოუდგენელი ციფრები ორი სამკაულისთვის, რომლებითაც სპალეტი ყოველ კვირას სარგებელს ნახულობს. და, წარმოვიდგინოთ, რომ მათი სტატისტიკა შეიძლებოდა კიდევ უფრო მდიდარი ყოფილიყო, სეზონის პირველ ნაწილში ორივეს ფიზიკური პრობლემები რომ არ ჰქონოდა. ოსიმენმა ჩემპიონთა ლიგის 3 და სერია A-ს 4 მატჩი გამოატოვა, ხოლო კვარაცხელიას სერია A-ს 4, იტალიის თასისა და ჩემპიონთა ლიგის თითო მატჩი გაუცდა - მათ ყველა ეს თამაში ტრავმის გამო გამოტოვეს. რთული წარმოსადგენია რა შეიძლებოდა მომხდარიყო ორივე მათგანს ყველა მატჩი რომ ჩაეტარებინა. თუმცა, ამის გარეშეც, მათი მოსავლიანობა ამ დროისთვის თვალისმომჭრელია. სწორედ ამიტომ, ქართველი გულშემატკივრები, რომელიც ნეაპოლში ყოველ კვირაში ჩარტერული რეისით ჩადიან, ითხოვენ თბილისიდან ნეაპოლში პირდაპირი ფრენების შემოღებას.

2020-2021 წლების სეზონში ანტონიო კონტეს „ინტერმა“ სკუდეტო მოიგო თავდამსხმელების, ლუკაკუსა და ლაუტაროს ლიდერობით. მთელი სეზონის განმავლობაში მათ 70 გოლში მიიღეს მონაწილეობა. ამ შედეგის მიღწევა კვარა-ოსის დუეტსაც შეუძლია, რადგან ნახევარ სეზონში ისინი უკვე 38-ზე არიან. მოკლედ, შეუძლებელი არაფერია იმ ორისთვის, რომლებიც ბრწყინავენ და იშვიათი სილამაზის შექმნა შეუძლიათ. „სტადიო მარადონაზე“ ბოლო ორ გამარჯვებაში მათ ყველაზე მეტი წვლილი შეიტანეს. „ნაპოლი“ – „იუვენტუსის“ მატჩში ოსიმენმა დუბლი შეასრულა და ორიდან ერთი გოლი კვარას პასით გაიტანა, რომელმაც თავის მხრივ გოლი ოსიმენის პასით გაიტანა. „რომასთან“ ისტორია მეორდება, რადგან „აძურიმ“ ანგარიში სწორედ კვარა (პასი) - ოსიმენის (გოლი) კომბინაციით გახსნა. ლუჩანო სპალეტისთვის კარგი ეს არის: ისინი ეძებენ ერთმანეთს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ისინი პოულობენ ერთმანეთს, რაც ნამდვილი სიამოვნებაა. მკითხავი არ გჭირდებათ იმის გასაგებად, რომ ამ ორს შორის კავშირი უმაღლეს დონეზეა. იმიტომ, რომ მოედანზე ისინი ერთსა და იმავე ენაზე საუბრობენ, როცა ერთმანეთს ბურთს აწვდიან, ნებისმიერი მეტოქისთვის პრობლემას წარმოადგენენ. სერია A-ში ისინი აქამდე დამანგრეველი იყვნენ. ექვს შემთხვევაში ერთი მეორეს უკეთებდა საგოლე პასსი. უნდა ითქვას, რომ უფრო მეტი გოლი ოსიმენმა გაიტანა, მაგრამ კვარას უფრო მეტი აქვს მისთვის გაკეთებული: ნიგერიელმა ქართველის პასით 5 გოლი გაიტანა, ხოლო მსგავსი ჟესტი ოსიმენმა მას მხოლოდ „იუვენტუსთან“ გოლის დროს დაუბრუნა.

იტალიაში მათი მსგავსი არავინაა. იმიტომ, რომ ჯეკო-ლაუტაროს დუეტი 36 საგოლე მოქმედებით მეორე ადგილზეა. ოსიმენსა და კვარას შეუძლიათ ევროპელ მონსტრებს შეუტიონ. რა თქმა უნდა, რთული იქნება პსჟ-ს ტანდემის, მბაპე ნეიმარის დაწევა (64 საერთო საგოლე მოქმედება) და ასევე „მანჩესტერ სიტის“ დუეტის, ჰოლანდი-დე ბრუინის (54), მაგრამ ბარსელონელები (ლევანდოვსკი და დემბელე 42) და ბაიერნელები (მუსიალა და გნაბრი 43), ახლოს არიან. ევროპის მასშტაბით „ნაპოლის“ დუეტი უსწრებს ბენზემა-ვინისიუსი (32) და სალაჰი-ნუნიესის (37) წყვილს“, - წერს გამოცემა.

0.122611