კალათბურთი

13:30 | 29.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

მეგამ, რომელიც მარგვეთის სახელით იასპარეზებს, ლიდერი კავკასია დაამარცხა

სახელის გამოცვლა “მეგას” სასიკეთოდ წაადგა, რომელსაც ამიერიდან “მარგვეთი” ეწოდება. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდის ხელმძღვანელობამ შეთანხმებას მიაღწია ზესტაფონის მუნიციპალიტეტთან და სუპერლიგაში იმერეთის ამ ქალაქს წარმომადგენელი ეყოლება. ხელშეკრულება მალე გაფორმდება, კლუბის ლოგოც შეიცვლება, მანამდე კი გუნდმა დასახელება უკვე შეიცვალა და პირველსავე შეხვედრაში ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა.

ცხრილის ბოლოდან მესამე ადგილზე მყოფმა “მარგვეთმა” სნაიპერული თამაშით სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერი “კავკასია” დაამარცხა. ჩერქეზიშვილის გუნდის წევრებმა 17 სამქულიანი ჩააგდეს, რაც სუპერლიგის მიმდინარე სეზონის მეორე საუკეთესო შედეგია “ტიტების” 20 სამიანის შემდეგ. ამ 17-დან 3 “მარგვეთის” ახალწვეულ ტობიას ჰოვარდზე მოდის, რომელმაც 100-პროცენტიანი სიზუსტით ესროლა პერიმეტრსმიღმიდან. ისედაც კარგი მსროლელების მყოლ გუნდს კიდევ ერთი ჩუბინი კალათბურთელი შეემატა და “მარგვეთმაც” უპირატესად შორი სროლების ხარჯზე დაამარცხა ფავორიტად მიჩნეული მეტოქე.

მართალია, შეხვედრა საბოლოოდ 6-ქულიანი სხვაობით დასრულდა, თუმცა ბრძოლა ამ შეხვედრაში მხოლოდ ბოლო წუთებზე იყო, როცა კავკასიელებმა 27-ქულიანი ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს. ეს მარგვეთელთათვის დიდი გამოწვევა იყო. ამხელა ლიდერობის განიავების შემდეგ ჩერქეზიშვილის გუნდი არ გატყდა და ერთხელ ლამის გარანტირებულად მოგებული მატჩი მეორედ და საბოლოოდ მოიგო – 89:83 (სტატისტიკა). როგორ მოხდა, რომ “მარგვეთმა” პირველ ნახევარში ამხელა უპირატესობას მიაღწია? ზუსტი შორი სროლებითა და კარგი დაცვით.

მეორე ნახევარში კავკასიის მწვრთნელმა, ბექა წივწივაძემ გუნდი მაქსიმალურად მომართა. სწორი ტაქტიკაც შეარჩია და შეხვედრა, რომ იტყვიან, შემოაბრუნა. ეს ძირითადად პერიმეტრის გადაკეტვითა და ბრძოლის ველის ფარქვეშ გადატანით მოახერხა, სადაც ფრთები გაშალა ეროვნული ნაკრების წევრმა, ილია ლონდარიძემ. საბოლოოდ კავკასიელების დამარცხებაში მაინც 3-ქულაინმა ითამაშა მთავარი როლი, რომელიც ზაკ უოლტომა მაშინ ჩააგდო, როცა დასრულებამდე 2 წუთით ადრე წივწივაძის გუნდმა ჩამორჩენა მინიმუმამდე (81:82) შეამცირა.

გამარჯვებულთაგან ერთბაშად 6-მა მოთამაშემ უწია 10-ქულიან ზღვარს, რომელთა შორისაც მარკქუს გილსონი (18 ქულა, 10 მოხსნა) და ზაკ უოლტონი (17 ქულა) გამოირჩნენ. 12 ქულა, 8 პასი და 4 მოხსნა რონი როზიეს ანგარიშზე დაგროვდა. ახალწვეულმა ტობიას ჰოვარდმა დებიუტი 15 ქულით აღნიშნა. კავკასიაში საუკეთესო შედეგი ჰქონდა ილია ლონდარიძეს – 25 ქულა, 11 მოხსნა. აიზია ელისმა 16 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა.

ამ წაგებით კავკასია ქულით დაშორდა ლიდერ კაკტუსს, მარგვეთი კი 4 მოგებით ქუთაისს გაუთანაბრდა. სუპერლიგის მომდევნო ტურის მატჩები 3, 4 და 5 თებერვალს გაიმართება.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118947