ჩოგბურთი

15:54 | 25.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

მორიგი 3:0 და მე-10 ნახევარფინალი AUS OPEN-ზე: ჯოკოვიჩი ნადალის რეკორდს ემუქრება (+VIDEO)

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობაზე 2018 წლის შემდეგ წაუგებელ სერიას აგრძელებს და ნახევარფინალში გავიდა. სერბმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალში ATP-ს მე-6 ნომერ, რუს ანდრეი რუბლევს ძალიან მარტივად - სამ სეტში აჯობა.

შედარებით დაძაბული ბოლო სეტი გამოდგა, სადაც რუბლევმა 4 გეიმის მოგება მოახერხა, მაგრამ ყოველთვის მდევრის როლში იყო. მან წინ გასვლა მხოლოდ მეორე სეტის საწყის გეიმებში შეძლო, ორივე შემთხვევაში ჯოკოვიჩმა გაათანაბრა. საბოლოოდ ნოლემ მეტოქეს 6:1, 6:2, 6:4 აჯობა.

აღსანიშნავია, რომ ნოვაკმა ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში მე-10-ედ გააღწია. საგულისხმოა ისიც, რომ წინა 9-ვე ტურნირი მან ტრიუმფით დაასრულა და ამ მხრივ ყველა დროის რეკორდსმენია. მათ შორის 2019,2020, 2021-წლებში მიჯრით ჰქონდა მოგებული, 2022 წელი კი კოვიდ რეგულაციების ფონზე, აუცრელობის გამო გამოტოვა.

სერბ ჩოგბურთელს დიდი შანსი აქვს რომ დიდი სლემის ტურნირების რეკორდსმენ რაფაელ ნადალს გაუთანაბრდეს, და თუ მის ამჟამინდელ ფორმას გავითვალისწინებთ, ეს მოსალოდნელიცაა. ესპანელს 22 დიდი მუზარადის ტურნირი აქვს მოგებული, ხოლო ჯოკოვიჩს 21.

მსოფლიო რეიტინგის მე-5 ნომერს 14 ეისი და 5 ორმაგი შეცდომა, ხოლო რუბლევს 6 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯოკოვიჩმა წლის პირველი დიდი სლემის ტურნირზე მხოლოდ 1 სეტი დათმო, დანარჩენი შეხვედრები კი 3:0 - მშრალი ანგარიშით დაასრულა.

ნოვაკის მომდევნო მეტოქე ნახევარფინალში ATP-ს 35-ე ნომერი, ამერიკელი ტომი პოლი იქნება, ფინალში გასვლის შემთხვევაში კი სტეფანოს ციციპასსა და კარენ ხაჩანოვს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ტომისა და ჯოკოვიჩის დაპირისპირება 27 იანვარს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128626