ფეხბურთი

23:27 | 14.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" "არსენალს" მიხაილო მუდრიკი წაართვა: "შახტარი" 100 მილიონს მიიღებს

უკრაინული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი მიხაილო მუდრიკი კარიერას ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს. ტრანსფერი გადაწყვეტილია.

მუდრიკმა თურქული შეკრება დატოვა და ლონდონში სამედიცინო შემოწმებისთვის გაფრინდა. ის ინგლისურ გუნდთან კონტრაქტს 2030 წლამდე გააფორმებს. „შახტარის“ ვებგვერდმაც დაადასტურა, რომ კლუბის პრეზიდენტი რინატ ახმეტოვი ტრანსფერზე „ჩელსის“ ესაუბრება.

როგორც ცნობილი გახდა, ტრანსფერის ღირებულება 100 მილიონ ევროს შეადგენს - „შახტარი“ 70 მილიონს პირდაპირ მიიღებს, 30 მილიონს ბონუსის სახით.

საინტერესოა, რომ მუდრიკის გადაბირებას ბოლო ორი კვირა „არსენალი“ ცდილობდა და შეთანხმებაც ახლოს იყო, მაგრამ ბოლო მომენტში საქმეში „ჩელსი“ ჩაერთო, რომელმაც უკრაინულ გუნდს უკეთესი პირობები შესთავაზა და „არსენალს“ აჯობა.

22 წლის მუდრიკმა მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 10 გოლი გაიტანა, მთლიანობაში კი „შახტარის“ მაისურით 44 შეხვედრაში 12 გოლი აქვს გატანილი. უკრაინის ნაკრებში მის ანგარიშზე 8 თამაშია, თუმცა გოლი არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118228