რაგბი

19:02 | 26.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა | ‘არწივები’ ზამთრის ჩემპიონი დაუმარცხებლად გახდა

პირველობის ლიდერმა ოზურგეთის ‘არწივებმა’ მიმდინარე სეზონის 11-ივე შეხვედრა მოიგო და ზამთრის ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ გურულებმა 53 საცხრილო ქულა დააგროვეს, მხოლოდ 2 შეხვედრაში ვერ მოახერხეს ბონუსის აღება და საშობაო არდადეგების წინ მდევარ ‘არმიასთან’ უპირატესობა 5-ქულამდე გაზარდეს. ‘არმაზი’ და ‘ტაო’ მოწინავე კვარტეტში ქულებით კვლავაც ტოლ-სწორად რჩებიან, თუმცა მესხები უკეთესი პირისპირ ბალანსის ქონის გამო ცხრილში მესამე პოზიციას ინარჩუნებენ.

ცხრილის მეორე ნახევარში დაძაბულობამ იმატა. ‘ბაგრატმა’, ‘მათემ’ და ‘იუნკერებმა’ 17-17 ქულას მოუყარეს თავი და 6-8 ადგილებს იყოფენ. პლეი ოფის ვაკანტურ ადგილს კი უკეთესი პირისპირ ბალანსის მქონე ზემო იმერლები იკავებენ. პლეი აუტის ზონაში მყოფმა ‘გორმა’ კი ხსენებულ სამეულთან ჩამორჩენა მინიმუმამდე, 1-ქულამდე შეამცირა. აუტსაიდერი ‘ბორჯომი’ დიდი ბრძოლის მიუხედავად, სეზონში მე-10 განცდილი მარცხის შემდეგ, წინა ადგილზე მყოფ შიდა ქართლელებს უკვე 12 ქულით ჩამორჩა.

‘არწივებმა’ მე-11 ტურის შეხვედრა ქუთაისში, „აია არენაზე“ ადგილობრივი ‘ბაგრატის’ წინააღმდეგ გამართა. რიონისპირელებმა საწყისი ნახევარი საათის მანძილზე მარბიელ თორნიკე იობიძის შესრულებული „დუბლით“ ანგარიშში დაწინაურება ორგზის მოახერხეს, რის შემდგომ ფავორიტმა ტემპს უმატა და დაცვაშიც თამაში გაამკაცრა. შეხვედრის დარჩენილ დროში გურულებმა მასპინძლებს სამატჩო ქულების აღების შესაძლებლობა არ მისცეს, საკუთრივ კი მთლიანობაში 8 ლელოს გატანა მოახერხეს.

ლიდერი სწრაფად და ლაღად მოქმედებდა. გურულები სივრცეზე მოპოვებულ უპირატესობას კარგად იყენებდნენ და მეტოქეს ხაზსაც იოლად უჭრიდნენ. შედეგიანი და ეფექტური თამაშით „არწივთა“ ლეგიონერები გამოირჩნენ. ფრთა ჯაბულანი მკულვანმა და მარბიელმა ილისონ გალალამ „დუბლი“ გაიფორმეს. მგეზავმა მარვინ ფრედერიკსმა კი გატანილ ლელოს, 7 ზუსტად შესრულებული გარდასახვაც დაურთო. ‘ბაგრატის’ მარცხს წერტილი მარქაფადან ჩართული მხტომელის დავით კვაჭანტირაძის დადებულმა ლელომ დაუსვა – 54:19.

ტურის გამორჩეული შეხვედრა ვაზისუბანში გაიმართა. ნომინალური მასპინძლის როლში მყოფმა პატარძეულის ‘ვეფხვებმა’ ფავორიტ ‘არმიას’ ტოლი არ დაუდო და მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში ყოფნის მიუხედავად, მეტოქის მსგავსად 4 ლელოს გატანა და ნუგეშ-ქულის აღება მოახერხა, რამაც გარე კახელებს ცხრილში მეხუთე ადგილი გაუმყარა.

პირველი ნახევარი „არმიელთა“ სრული უპირატესობით წარიმართა. ლევან ობოლაძის შეგირდებმა მეტოქე ეულ ჯარიმას დააჯერეს, საკუთრივ კი 3 ლელო გაიტანეს და შესვენებაზე 18-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მართალია, მეორე ნახევარში ‘ვეფხვებმა’ ტემპს უმატა და ლელოს გატანა 4-გზის მოახერხა, თუმცა მატჩის გამორჩეული მოთამაშის – ბექა მაჭარაშვილის შეჩერება ვერ შეძლო. „არმიელთა“ ფრთამ „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაშიც ლომის წილი დაიდო. ‘არმიას’ მეორე ფრთამ და კაპიტანმა რამაზ ხარაზიშვილმა 4-ივე გარდასახვა გამოიყენა. ბოლო წუთებზე ‘ვეფხვების’ ბურჯ ალექსი მუჩიაშვილის გატანილმა ლელომ გარე კახელებს ნუგეშ-ქულა მოაპოვებინა – 31:27 ‘არმიას’ სასარგებლოდ.

მარნეულის ‘არმაზმა’ მიჯრით მეხუთე შეხვედრა მოიგო და ამჯერზე უშანსოდ ჭიათურის ‘მათე’ დატოვა. ვაზისუბანში, ქვემო ქართლელებმა მეტოქე შუამარბ ჯუმბერ ყვავაძის პირველ ტაიმში გატანილ წყვილ ჯარიმას დააჯერეს, საკუთრივ კი 4 ლელო გაიტანეს და შეხვედრაც საშური პრემიით – 34:6 მოიგეს. მასპინძლებმა ზემო იმერლებს ტაიმებში 2-2 ლელო გაუნაწილეს. პირველ ტაიმში ლელოს გატანა შუამარბმა ნიკა გოგუამ და კვაჭმა რობერტ სავოიანმა მოახერხეს. მეორე ნახევარში კი ქვემო ქართლელებმა უპირატესობა შუამარბ ოთარ მეტრეველისა და მარბიელ ანზორ გორდაშვილის დადებული ლელოებით გაიღრმავეს. ‘არმაზის’ ერთ-ერთმა ლიდერმა ბახვა კობახიძემ კი წყვილ გატანილ ჯარიმასთან ერთად, ოთხივე გარდასახვა გამოიყენა.

სამცხე-ჯავახეთის დერბი „რაგბი პლატოზე“ გაიმართა. საკუთარი არენის უქონელმა ‘ბორჯომმა’ თანარეგიონელ ‘ტაოს’ ნუცუბიძის ფერდობზე უმასპინძლა. მეტოქეთა შორის კლასში არსებულმა სხვაობის მიუხედავად, თორელებმა მედგრად იბრძოლეს, 4 ლელოს გატანაც მოახერხეს და კინაღამ მესხები დაგეგმილი პრემიის გარეშე დატოვეს. ‘ბორჯომის’ რიგებში მარქაფადან ჩართული კვაჭი აკაკი მიქაძე გამოირჩა, ვინაც მეორე ტაიმში წყვილი ლელო გაიტანა, რითაც ფავორიტი გვარიანად ანერვიულა.

‘ტაომ’ თავის მხრივ 7 გარდასახული ლელო მიითვალა. გარკვეული შეცდომების მიუხედავად, მატჩის გამორჩეულ მოთამაშედ მესხთა ფიჯელი მარბიელი რატუ ნაკიკა იქცა. მულღაზანზაროელმა „პოკერი“ გაახერხა და თან ბოლო წუთებზე სწორედ მისმა დადებულმა ბოლო ლელომ მესხებს ბონუს-ქულა არგუნა და ცხრილში მესამე ადგილი შეუნარჩუნა – 49:27.

გორში, ჭალის დასახლებაში ადგილობრივი გუნდისა და ‘იუნკერების’ დაპირისპირება სარაგბო „თრილერად“ იქცა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, სადაც კიკეთელები მასპინძლებს სტატიკაში ჯაბნიდნენ, სანაცვლოდ შიდა ქართლელთა ხაზი უკეთ გამოიყურებოდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ‘გორის’ ბეკებმა სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს.

‘გორმა’ პირველი ტაიმი ფრთა ლუკა ნაყეურის ლელოთი 2-ქულიანი სხვაობით მოიგო. მეორე ნახევარში ფრთა გიორგი ვასაძის შესრულებული „დუბლით“ კიკეთელებმა ანგარიშში დაწინაურება მოახერხეს და ბოლო წუთამდე 6-ქულიან უპირატესობას ფლობდნენ. „გაწითლებულ“ დროში მასპინძლებმა კარგად გაშალეს ოვალი და მარქაფადან ჩართულმა კვაჭმა ზურა მღებრიშვილმა ლელო ზედ ალამთან დადო. მახვილი კუთხიდან კი ურთულესი გარდასახვა გორელთა დამრიგებლის ვაჟმა გიორგი ჭავჭავაძემ ზუსტად შეასრულა და შიდა ქართლელებს სეზონში მესამე გამარჯვებაც არგუნა – 19:18.

RUGBY.GE

0.115585