ფეხბურთი

18:16 | 24.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე: "ეროვნული გუნდის მაისურით თამაში ჩემთვის დიდი პატივია"

საქართველოს ნაკრების შემტევმა, გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ის ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა და საინტერესო თემებზე ისაუბრა:



,,როდესაც გუნდში მოვედი, პროფესიონალური სამუშაო გარემო მაშინვე იგრძნობოდა. მიხარია, რომ ჩემს მიზანს მივაღწიე, თუმცა წინსვლა უნდა განვაგრძო. ძალიან მიხარია, რომ გუნდისგან მხარდაჭერას ვგრძნობ."

,,ფეხბურთის თამაში მამასთან, ეზოში დავიწყე. ის ხშირად მეუბნება, რომ როდესაც პატარა ვიყავი, ხელში სულ ბურთი მეჭირა. 6 წლის ასაკში ,,ჟერლანთან" პირველი კონტრაქტი გავაფორმე, სადაც 1 წელი გავატარე, შემდეგ კი 14 წლამდე ,,ლიონში" ვთამაშობდი. მათ ჩემი დატოვება არ ისურვეს და ლიონთან ახლოს მდებარე გუნდში, ,,სენ-პრესტში" გადავედი".

,,სავარაუდოდ, ,,ლიონში" სათამაშოდ მზად არ ვიყავი. ტექნიკაც მქონდა და კარის წინ მოქმედების ნიჭიც, თუმცა მხოლოდ 1.40 მეტრი სიმაღლის ვიყავი, რაც 14 წლის ასაკში დაბალ სიმაღლედ ითვლება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩემი თაობის ფეხბურთელები, მაგალითად ამინ გუირი 1.70-ს აღწევდნენ. ჩემი აზრით, მათ სიმაღლის გამო დამიწუნეს."

,,კარგად მახსოვს ის მომენტი, როდესაც ,,ლიონმა" დამიწუნა. ინტერვიუდან ჩემს მშობლებთან ერთად რომ გამოვედი, ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. ჩემი ქალაქის კლუბში მეც მინდოდა თამაში. როდესაც ლიონელი ხარ, აქ თამაშზე ოცნებობ. იმ პერიოდში ჩემი მშობლები ჩემს მიმართ დიდ მხარდაჭერას იჩენდნენ. მათ მითხრეს, რომ არ დავნებებულიყავი და მეც მოვუსმინე. ვიცოდი, რომ პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბებისთვის ეს საჭირო იყო და მოვახერხე კიდეც."

,,სენ-პრესტში" ორი წელი ვთამაშობდი, 16 და 17-წლამდელთა გუნდებში და მეორე სეზონში 19-წლამდელებთან ერთადაც კი ვიყავი. ჩემი უპირატესობა ის იყო, რომ ბევრ მათგანს ვიცნობდი, რადგან ისინი მანამდეც ჩემთან ერთად ვარჯიშობდნენ. ასე რომ, გუნდში კარგად ჩავჯექი და რადგან ბომბარდირის ინსტიქტი უკვე მქონდა, ბევრი ბურთის გატანაც მოვახერხე. სწორედ ამან წამწია წინ."

,,16 წლის ვიყავი, როდესაც ,,მეცში" გადავედი და უცბად, უცხო ქალაქში მარტო აღმოვჩნდი. გარდა ამისა, პირველი 6 თვის განმავლობაში, მხოლოდ 45 წუთი ვითამაშე. იმათთან ვვარჯიშობდი, ვისაც თამაში არასდროს უწევდა, თუმცა კიდევ ერთხელ, არ დავნებდი და მშობლების მხარდაჭერით წინსვლა განვაგრძე".

,,სერენში" ყოფნისას ვგრძნობდი, რომ ყველა მენდობოდა, კლუბიდან დაწყებული, მწვრთნელით დამთავრებული, ამიტომაც ძალიან კარგი სეზონი გამომივიდა - თითქმის ყველა თამაშში გოლი გამქონდა და პირველ ლიგაშიც მოვახერხეთ დაწინაურება".

,,მეცში" დაბრუნებისას მსურდა კლუბისთვის მეჩვენებინა, რომ მათი მაისურის ტარების ღირსი ვიყავი. მინდოდა ყველას დაენახა, რომ ამ გუნდის დონე ვიყავი და არა კარგი მოთამაშე, რომელსაც მუდამ გაანათხოვრებდნენ. მინდა ყველას ვაჩვენო, რომ გამტანი ვარ. გულწრფელად გეტყვით: ჩემი თამაშით 100%-ით კმაყოფილი არ ვარ".

,,იმ პერიოდში, როდესაც 7 თამაში გოლი არ მქონდა გატანილი, ვერ ვხვდებოდი, რას ვაკეთებდი არასწორად. ვარჯიშებზე ყველაფერი კარგად იყო, თუმცა თამაშის დროს სიტუაცია იცვლებოდა. ამის მიუხედავად, ნელ-ნელა ფორმა დავიბრუნე და აღარ მინდა, რომ მსგავსი მშრალი პერიოდები მომავალში მქონდეს".

,,მე სწრაფი და საჯარიმო მოედანში ეფექტური მოთამაშე ვარ. სოციალურ ქსელებში მინახავს, რომ ბენზემას მადარებენ. ეს ძალიან კარგია, რადგან ისიც ,,ლიონიდანაა." ბენზემა ჩემი ერთ-ერთი კუმირია. ალბათ მას იმიტომ მადარებენ, რომ ვიცი ბოლო ფაზაში როგორ ვიმოქმედო".

,,ჩემი ფავორიტი პოზიცია 9-იანზე თამაშია. ხანდახან მწვრთნელი ფლანგებზეც მწევს, რომ გუნდს მეტად დავეხმარო, ეს კი საერთოდ არ მაწუხებს. მცველებზე ვარ მიწებებული და ერთ-ორ შეხებაში ვთამაშობ. როდესაც თამაში მოითხოვს, ვიცი როგორ უნდა შემოვტრიალდე. ბავშვობიდანვე გოლებზე ვიყავი დაგეშილი და ეს მიზანი ჩემშია ჩაბეჭდილი. ეს ყველაზე მეტად მომწონს".

,,მწვრთნელი მავალებს, რომ საკუთარ ნახევარზე და ცენტრში მარტივად უნდა ვითამაშო, თუმცა როდესაც მეტოქის საჯარიმოსთან ვარ, ის მითითებებს მაძლებს როგორ მოვიქცე. ბევრს მესაუბრება და მენდობა, რაც ძალიან სასიამოვნოა. ეს თავს კარგად მაგრძნობინებს."

,,ჩემი მშობლები საქართველოდან არიან და ჩემი ოჯახის ნაწილი იქ ცხოვრობს. როდესაც შემოთავაზება მივიღე დიდხანს არ მიფიქრია. ყოველთვის, როდესაც ნაკრებში მიძახებენ, ამით ძალიან გახარებული ვარ. ეროვნული გუნდის მაისურით თამაში ჩემთვის დიდი პატივია. რა თქმა უნდა, სანაკრებო დონეზე ისეთ ფეხბურთელებთან თამაში, რომლებიც ევროპაში ასპარეზობენ, დიდი პლიუსია. ეს გამოცდილებას ძალიან მმატებს და ყოველთვის, როდესაც ნაკრებიდან ვბრუნდები, ვგრძნობ, რომ გაზრდილი ვარ".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113753