ფეხბურთი

19:24 | 4.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიას ნეიმარი დაუბრუნდა, სამხრეთ კორეას დასაკარგი არაფერი აქვს

მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ბრაზილიის ნაკრები სამხრეთ კორეის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ბრაზილიის ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლა იოლად მოახერხა, მას მერე, რაც სერბეთისა და შვეიცარიის ნაკრებები დაამარცხა, მაგრამ საბოლოო ჯამში პირველი ადგილი მხოლოდ იმიტომ დაიკავა, რომ შვეიცარიას ბურთების ბალანსით ოდნავ აჯობა. ბოლო ტურში ტიტემ ძირითადი შემადგენლობა მთლიანად დაასვენა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო, რადგან „სელესაო“ კამერუნის ნაკრებთან დამარცხდა და სხვათა შორის, მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიამ 1998 წლის შემდეგ პირველი თამაში წააგო.

სამხრეთ კორეის ნაკრების მერვედფინალში ყოფნა რა თქმა უნდა, სენსაციაა, რადგან ურუგვაიც და განაც თითქოს უფრო ახლოს იყვნენ მიზანთან, მაგრამ ბოლო ტურში პაულუ ბენტუს გუნდმა პორტუგალია დაამარცხა და ურუგვაის ბურთების ბალანსით აჯობა. შედეგად, სამხრეთ კორეა ჯგუფიდან ისტორიაში მესამედ გავიდა.

ბრაზილიის ნაკრებს დაუბრუნდა ნეიმარი, რომელმაც ბოლო ორი თამაში გამოტოვა, მაგრამ ის უკვე მზადაა და დიდი ალბათობით, ძირითად შემადგენლობაში იქნება. მოსალოდნელია, რომ დაბრუნდება დანილოც, რომელმაც ასევე ბოლო ორი შეხვედრა გამოტოვა. ის ადგილს მარცხენა ფლანგზე დაიკავებს, რადგან „სელესაოს“ ორივე მარცხენა მცველი, ალექს სანდრო და ალექს ტელეში ტრავმირებული ჰყავს. ზოგადად, ტელეში და აგრეთვე, გაბრიელ ჟეზუში მიმდინარე მუნდიალზე ვერ ითამაშებენ. სამხრეთ კორეა საბრძოლო შემადგენლობით ითამაშებს, მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელის, კიმ მინ-ჯეს თამაშია საეჭვო, მაგრამ ბოლო ცნობებით, კორეელთა ლიდერი მოედანზე გასვლას შეძლებს.

სტატისტიკა

სამხრეთ კორეა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად 1954 წელს გამოჩნდა. შემდეგ იყო ძალიან დიდი პაუზა და აზიელები ტურნირს 1986-ში დაბრუნდნენ და მას მერე არცერთი მუნდიალი არ გამოუტოვებიათ. მათ 2002 წელს იაპონიასთან ერთად ტურნირის მასპინძლობა და მასში მე-4 ადგილის დაკავებაც კი მოახერხეს. სამხრეთ კორეა ჯგუფიდან 2010 წელსაც გავიდა, მაგრამ მერვედფინალში ურუგვაისთან დამარცხდა.

ბრაზილია ერთადერთი ნაკრებია, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატი არასდროს გამოუტოვებია და ტურნირიც ყველაზე მეტჯერ, ხუთჯერ მოიგო. თუმცა, „სელესაოს“ ბოლო ტრიუმფი 2002 წლით თარიღდება და მას შემდეგ ბრაზილიის ნაკრები სამჯერ მეოთხედფინალში გავარდა (2006, 2010, 2018) და ერთხელ მეოთხე ადგილს დასჯერდა (2014).

სამხრეთ კორეას მსოფლიოს ჩემპიონატზე არასდროს დაუმარცხებია სამხრეთამერიკული ნაკრები - 2 ფრე, 4 წაგება.

ბრაზილიამ მუნდიალზე ბოლო 10 მატჩიდან 4 წააგო (5 მოგება, 1 ფრე). მაშინ, როცა მანამდე 4 წაგება მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩატარებულ 36 მატჩში ჰქონდა (26 მოგება, 6 ფრე).

სამხრეთ კორეას მუნდიალის პლეი-ოფში 5 მატჩი აქვს ჩატარებული და ერთადერთი თამაში მოიგო - 2002 წელს იტალიასთან დამატებით დროში (სწორედ მერვედფინალში). შემდეგ ფრე ითამაშა ესპანეთთან, წააგო გერმანიასა და თურქეთთან (ყველა 2002 წელს), ხოლო 2010 წელს მერვედფინალში ურუგვაისთან დამარცხდა.

ბრაზილიის ნაკრებმა ბოლოს მერვედფინალური ბარიერი 1990 წელს ვერ დაძლია, როცა არგენტინასთან დამარცხდა (0:1), ხოლო 2014 წელს, ჩილესთან გამარჯვება მხოლოდ პენალტების სერიით მოახერხა.

პაულუ ბენტუს შანსი აქვს, გახდეს პირველი პორტუგალიელი მწვრთნელი, რომელიც მუნდიალზე პლეი-ოფში თამაშს მოიგებს.

სამხრეთ კორეის ნაკრებს მუნდიალზე ბოლო 12 გოლიდან 11 მეორე ტაიმში აქვს გატანილი, ხოლო ბოლო 7 გოლიდან ოთხი 90-ე წუთზე ან უფრო გვიან გაიტანა.

ბრაზილია და სამხრეთ კორეა ერთმანეთს 7-ჯერ შეხვედრიან და სამხრეთამერიკელთა მხარეს დიდი უპირატესობაა - 6 მოგება, 1 წაგება. აზიელებმა ეს ერთადერთი თამაში 1999 წელს მოიგეს (1:0). აღსანიშნავია, რომ ყველა თამაშს ამხანაგურის სტატუსი ჰქონდა. ბოლოს ისინი ერთმანეთს მიმდინარე წლის 2 ივნისს დაუპირისპირდნენ და ბრაზილიამ მეტოქე 5:1 გაანადგურა.

სავარაუდო შემადგენლობები

5 დეკემბერი, 23:00 საათი

დოჰა, „სთედიუმ 974“

ბრაზილია (4-2-3-1): ალისონი; მილიტაო, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, დანილო; პაკეტა, კაზემირო; რაფინია, ნეიმარი, ვინისიუსი; რიშარლისონი

სამხრეთ კორეა (4-2-3-1): სეუნ-გიუ; მუნ-ჰვანი, მინ-ჯე, იუნ-ვონი, ჯინ-სუ; ინ-ბომი, ვუ-იუნი; ჰი-ჩანი, კან-ინ ლი, სონი; გუ სუნი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113201