ფეხბურთი

1:02 | 28.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფრე ცენტრალურ მატჩში: გერმანია მაინც კარგ ვითარებაშია

მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურის ცენტრალური შეხვედრა E ჯგუფის ეგიდით შედგა, სადაც ესპანეთი და გერმანია დაზავდნენ - 1:1.

პირველ ტურში ესპანეთმა კოსტა რიკა 7:0 გაანადგურა, გერმანიამ კი იაპონიასთან წააგო (1:2), რის გამოც წყვილში ფავორიტად ლუის ენრიკეს გუნდი მიიჩნეოდა, მაგრამ ესპანელებმა ამჯერად გამარჯვება ვერ მოახერხეს.

პირინეელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და მატჩის დასაწყისში დანი ოლმოს დარტყმის შემდეგ გერმანია გოლს მანუელ ნოიერმა და ხარიხამ ერთობლივად გადაარჩინეს. მერე თამაში გათანაბრდა და პირველ ტაიმში საგოლე მომენტები თითქმის აღარ შექმნილა.

მეორე ნახევარსაც მსგავსი სტარტი ჰქონდა, რისკზე წასვლას გუნდები ერიდებოდნენ. მიუხედავად ამისა, 62-ე წუთზე ანგარიში მაინც გაიხსნა: ჟორდი ალბას პასის მერე ალვარო მორატამ მცველს დაასწრო და კარში ზუსტად დარტყმა მოახერხა. ესპანეთი დაწინაურდა და შეტევაზე ფიქრი პრაქტიკულად შეწყვიტა, მხოლოდ ანგარიშის შენარჩუნებაზე ზრუნვა დაიწყო, თუმცა მისიას თავი ვერ გაართვა.

83-ე წუთზე გერმანიის ნაკრების თავდამსხმელმა ფულკრუგმა ანგარიშის გათანაბრება დაცვის უყურადღებობის შედეგად შეძლო და ალემანებს მიმდინარე მუნდიალზე პირველი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა.

გერმანიის ნაკრები ორი ტურის შემდეგ 1 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზეა, მაგრამ ბოლო ტურში კოსტა რიკას თუ მოუგებს, უდიდესი ალბათობით ჯგუფიდან გავა (თუ ესპანეთი იაპონიასთან არ წააგებს). ასე რომ, ჰანსი ფლიკის გუნდი არცთუ ისე ცუდ ვითარებაშია და მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული, თან მეტოქეც ისეთი ჰყავს, წესით, ადვილად რომ უნდა აჯობოს. არადა, ახლა გერმანია ჯგუფში რომ არ არის ჩარჩენილი, სწორედ კოსტა რიკის დამსახურებაა, რომლის გამარჯვებამ იაპონიასთან პირველ რიგში გერმანელთა სასარგებლოდ იმოქმედა.

თავის მხრივ, ესპანეთის ნაკრებს ბოლო ტურში ქულაც ეყოფა ჯგუფიდან გასასვლელად, მაგრამ იაპონიასთან ლუის ენრიკეს გუნდი აშკარა ფავორიტია.

ესპანეთი - გერმანია 1:1 (0:0)

ალ ხორი, „ალ ბაით სთედიუმი“

ესპანეთი (4-3-3): სიმონი; კარვახალი, როდრი, ლაპორტი, ალბა (ბალდე 82); გავი (უილიამსი 66), ბუსკეტსი, პედრი; ტორესი (მორატა 54), ასენსიო (კოკე 66), დანი ოლმო

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გერმანია (4-2-3-1): ნოიერი; კერერი (კლოსტერმანი 70), სულე, რიუდიგერი, რაუმი (შლოტერბეკი 87); კიმიხი, გორეტცკა; გნაბრი (ჰოფმანი 85), გიუნდოგანი (სანე 70), მუსიალა; მიულერი (ფულკრუგი 70)

მწვრთნელი: ჰანსი ფლიკი

გოლები: 1:0 მორატა (62), 1:1 ფულკრუგი (83)

გაფრთხილება: ბუსკეტსი (44) - კერერი (37), კიმიხი (60)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (3) – 11 (4) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 2:5

მსაჯი: დანი მაკელიე (ნიდერლანდები)

1. ესპანეთი 2 1 1 0 8 1 7 4
2. იაპონია 2 1 0 1 2 2 0 3
3. კოსტა რიკა 2 1 0 1 1 7 -6 3
4. გერმანია 2 0 1 1 2 3 -1 1
0.115566