ფეხბურთი

0:59 | 27.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ არგენტინა გააცოცხლა

არგენტინის ნაკრებმა ბეწვის ხიდზე გაიარა და ჯგუფიდან გასვლის შანსი, თან ძალიან რეალური, შეინარჩუნა.

ვინ თუ არა, ლიონელ მესი! სწორედ მან მოაგებინა არგენტინას საკვანძო თამაში მექსიკის ნაკრებთან, რომლის წაგება არგენტინის ჯგუფში ჩარჩენას ნიშნავდა. თუმცა, „ალბისელესტემ“ წინა ტურისგან განსხვავებით შეცდომა არ დაუშვა.

პირველ ტაიმში არგენტინა ძალიან უფერული და მოსაწყენი იყო, დიდი წნეხი გუნდს ეტყობოდა და ვერაფერს ქმნიდა. მექსიკაც დიდად თავს არ იწუხებდა, რადგან ტატა მარტინოს გუნდისთვის ქულა მისაღები შედეგი იყო.

მეორე ტაიმშიც 20 წუთი არაფერი იცვლებოდა. არგენტინა ისევ უფანტაზიო და ძალიან ნელ ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ 64-ე წუთზე სცენაზე ლეო მესი გამოჩნდა. მან ანხელ დი მარიასგან ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო და ძალიან ზუსტი დარტყმით გილერმო ოჩოას კარი კუთხეში დალაშქრა. გოლმა არგენტინას მხრებიდან წნეხი მოუხსნა, მექსიკამ უფრო მეტად იფიქრა შეტევაზე და სამხრეთამერიკელებსაც სივრცეები გაეხსნათ, რაც გამოიყენეს. 87-ე წუთზე ენცო ფერნანდესმა ულამაზესი გოლით თამაშის ინტრიგა მოუკლა. საგოლე პასი მესის აქტივშია.

ამრიგად, არგენტინის ნაკრებმა 2:0 მოიგო და ახლა ყველაფერი მის ხელთაა, მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული. ბოლო ტურში არგენტინელები პოლონეთს თუ მოუგებენ, ჯგუფიდან ხომ ნამდვილად გავლენ და უდიდესი ალბათობით, თან პირველი ადგილით გავლენ, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ამ ჯგუფის მეორეადგილოსანი სასწაული თუ არ მოხდა, მერვედფინალში საფრანგეთს შეხვდება, ხოლო პირველადგილოსანი ავსტრალიას ან დანიას. რომელთან თამაში უკეთესია, მგონი ახსნა-განმარტება არ სჭირდება.

ბოლო ტურის წინ შანსს ამ ჯგუფის ოთხივე ბინადარი ინარჩუნებს, მათ შორის, მექსიკაც, რომელსაც საუდის არაბეთთან მოგება სჭირდება, მაგრამ პარალელურ თამაშზე იქნება დამოკიდებული, ხოლო საუდელები მოგებით ნამდვილად გააღწევენ მომდევნო ეტაპზე. არგენტინის შანსზე უკვე ვთქვით და პოლონეთის ნაკრებს მის წინააღმდეგ ქულა სჭირდება. C ჯგუფში ბოლო ტური 30 ნოემბერს გაიმართება.

არგენტინა - მექსიკა 2:0 (0:0)

ლუსაილი, „ლუსაილ სთედიუმი“

არგენტინა (4-4-2): ე. მარტინესი; მონტიელი (მოლინა 63), ოტამენდი, ლ. მარტინესი, აკუნია; დი მარია (რომერო 69), დე პაული, როდრიგესი (ფერნანდესი 57), მაკალისტერი (პალასიოსი 69); მესი, ლაუტარო (ალვარესი 63)

მწვრთნელი: ლიონელ სკალონი

მექსიკა (5-3-2): ოჩოა; ალვარესი (ხიმენესი 66), არაუხო, მონტესი, მორენო, გალიარდო; ჩავესი, ერერა, გუარდადო (გუტიერესი 42); ლოსანო (ალვარადო 73), ვეგა (ანტუნა 66)

მწვრთნელო: ხერარდო მარტინო

გოლები: 1:0 მესი (64), 2:0 ფერნანდესი (87)

გაფრთხილება: მონტიელი (43) - არაუხო (22), ერერა (66), ალვარადო (89)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (3) – 4 (1) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 2:4

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

1. პოლონეთი 2 1 1 0 2 0 2 4
2. არგენტინა 2 1 0 1 3 2 1 3
3. საუდის არაბეთი 2 1 0 1 2 3 -1 3
4. მექსიკა 2 0 1 1 0 2 -2 1
0.113538