ფეხბურთი

19:07 | 26.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკის პირველი გოლი მუნდიალზე: საუდის არაბეთმა კარგად ითამაშა, მაგრამ წააგო

საუდის არაბეთის ნაკრებმა მეორე სასწაული ვერ მოახდინა და პოლონეთის ნაკრებთან დამარცხდა. თუმცა, აზიელებმა ძალიან კარგად ითამაშეს და შეიძლებოდა არათუ არ წაეგოთ, არამედ მოეგოთ კიდევაც.

ერვე რენარის გუნდმა თამაში გაცილებით აქტიურად დაიწყო და რეალური მომენტიც პირველმა შექმნა, მაგრამ პოლონეთი ვოიცეხ შჩესნიმ გადაარჩინა. ზოგადად, „იუვენტუსის“ მეკარემ პოლონელები არაერთხელ იხსნა. საუდის არაბეთის სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში პოლონეთის ნაკრებმა გახსნა. რობერტ ლევანდოვსკის პასის მერე პიოტრ ჟელინსკიმ ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა და ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელმა პირადი ანგარიშიც გახსნა.

საუდელებს გათანაბრება მალევე შეეძლოთ, რადგან პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს. თუმცა, სალემ ალ დავსარის დარტყმა შჩესნიმ მოიგერია, რომელმაც გუნდი დამატებაზეც გადაარჩინა, როცა დიდებული სეივი მიითვალა. რენარის გუნდს ანგარიში გათანაბრება მეორე ტაიმშიც არაერთხელ შეეძლო, მაგრამ ერთხელ შჩესნიმ ითამაშა ბრწყინვალედ, ორჯერ კი საუდელებმა კარს ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილეს.

საპასუხოდ, უქმად არც პოლონეთი ყოფილა, რომელმაც ორი რეალური მომენტი გაანიავა: ჯერ არეკ მილიკის დარტყმა ხარიხას მოხვდა, მერე ლევანდოვსკის - ძელს. რობერტმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისი პირველი გოლი მაინც გაიტანა, როცა ალ მალკის საჩუქარი შეირგო და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა შეცდომა არ დაუშვა. მერე მატჩიც დასრულდა და პოლონეთმა მოიგო - 2:0.

სხვათა შორის, პოლონეთს ორ ტურში გოლი არ აქვს გაშვებული და ვოიცეხ შჩესნი 9 სეივით მიმდინარე მუნდიალზე საუკეთესოა. საუდის არაბეთმა კი პოლონეთს კარში დარტყმებითაც აჯობა, კარისკენ დარტყმებითაც, კუთხურებითაც, ბურთის ფლობითა და სახიფათო მომენტებითაც, მაგრამ მაინც დამარცხდა. ზოგადად, გამოჩნდა, რომ ერვე რენარის გუნდი გამარჯვება არგენტინასთან ოდენ შემთხვევითობა არ იყო - საკმაოდ კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელსაც ბოლო ტურში აუცილებლად ექნება შანსი, რომ პლეი-ოფის საგზურისთვის რეალურად იბრძოლოს.

C ჯგუფში პოლონეთის ნაკრებს 4 ქულა აქვს, საუდის არაბეთს - 3. ბოლო ტურში პოლონელთა მეტოქე არგენტინა იქნება, ხოლო საუდის არაბეთს მექსიკასთან თამაში მოუწევს.

პოლონეთი - საუდის არაბეთი 2:0 (1:0)

ალ რაიანი, „ედუქეიშენ სითი სთედიუმი“

პოლონეთი (4-3-1-2): შჩესნი; კეში, გლიკი, კივიორი, ბერეშჩინსკი; კრიხოვიაკი, ბიელიკი, ფრანკოვსკი; ჟელინსკი (კამინსკი 63); მილიკი (პიონტეკი 71), ლევანდოვსკი

მწვრთნელი: ჩესლავ მიხნიევიჩი

საუდის არაბეთი (4-2-3-1): ალ ოვაისი; აბდულჰამიდი, ალ ამრი, ალ ბოლეაჰი, ალ ბრეიკი (ალ განამი 65); ალ მალკი (ალ ობუდი 85), კანო; ალ ბურაიკანი, ალ ნაჯეი (ალ აბედი 46, ბაჰებრი 90), ალ დავსარი; ალ შეჰრი (ალ დავსარი 85)

მწვრთნელი: ერვე რენარი

გოლები: 1:0 ჟელინსკი (39), 2:0 ლევანდოვსკი (82)

გაფრთხილება: კივიორი (15), კეში (16), მილიკი (19) - ალ მალკი (20), ალ ამრი (45)

გამოუყენებელი პენალტი: ალ დავსარი (45, მეკარე)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (3) – 16 (5) ბურთის ფლობა: 36%-64% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: ვილტონ სამპაიო (ბრაზილია)

1. პოლონეთი 2 1 1 0 2 0 2 4
2. საუდის არაბეთი 2 1 0 1 2 3 -1 3
3. მექსიკა 1 0 1 0 0 0 0 1
4. არგენტინა 1 0 0 1 1 2 -1 0
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139264