ფეხბურთი

18:30 | 26.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიისთვის ესპანეთთან ნაადრევი ფინალია

მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში ყველაზე საინტერესო და ცენტრალური მატჩი E ჯგუფში, ესპანეთისა და გერმანიის ნაკრებებს შორის შედგება.

ორივე გუნდი ტურნირის ფავორიტია და ბუნებრივია, რომ ინტერესი დიდია, მაგრამ ყველაფერი პირველი ტურის შედეგებიდან გამომდინარე გამძაფრდა. ესპანეთის ნაკრებმა ფანტასტიკური შთაბეჭდილება დატოვა და კოსტა რიკის ნაკრები 7:0 გაანადგურა.

„ფურია როხა“ შეუჩერებელი იყო და რაც უნდა ითქვას, რომ კოსტა რიკა სუსტი მეტოქე იყო, მსგავსი თამაში შემთხვევითობა მაინც ვერ იქნება. ლუის ენრიკეს კარგად აწყობილი მექანიზმის გუნდის ჰყავს, რომელიც ძალიან საშიშია და შეიძლება ითქვას, მართლაც არის მუნდიალის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი. ესპანელები გამარჯვების შემთხვევაში მერვედფინალის საგზურს მოიპოვებენ.

გერმანიის ნაკრებმა იაპონიასთან ორგვარი შთაბეჭდილება დატოვა - მომენტებში კარგი იყო, მომენტებში - არა. ჰანსი ფლიკის გუნდს განსაკუთრებით იაპონელთა სწრაფი კონტრშეტევების წინააღმდეგ გაუჭირდა და საბოლოოდ, დამარცხდა კიდეც, რაც დიდი მოულოდნელობა იყო. თუმცა ისიც სათქმელია, რომ „ბუნდესნაკრები“ მიმდინარე წელს ვერ ბრწყინავს - 2022 წელს გერმანიამ სულ 10 თამაში ჩაატარა და მხოლოდ 3 მოიგო. მეტიც, გერმანიის ნაკრებმა წინა მუნდიალიც ჩააგდო, როცა ჯგუფში ჩარჩა და ევროპის ჩემპიონატზეც ცუდად ითამაშა, რადგან ჯგუფიდან ძალიან გაჭირვებით გააღწია, ხოლო მერვედფინალში ინგლისთან შანსიც არ ჰქონია.

ესპანეთის ნაკრებში ლუის ენრიკე ცვლილებებს არ გეგმავს და იმავე 11-ეულს გაიყვანს მოედანზე, რომელმაც კოსტა რიკა გაანადგურა. ამდენად, ცენტრალურ ნახევარმცველ როდრის ისევ ცენტრალური მცველის პოზიციაზე უნდა ველოდოთ. მეორე მხრივ, გერმანიის ნაკრებიც მარცხის მიუხედავად, იმავე შემადგენლობით ითამაშებს. ყველაზე მეტად, თუ ცვლილება იქნება, ლეონ გორეცკას გამოჩენაა მოსალოდნელი, რომელმაც შეიძლება ილქაი გიუნდოგანი შეცვალოს.

სტატისტიკა

გერმანიის ნაკრები მუნდიალზე მეოცედ თამაშობს და 1950 წლის შემდეგ ეს ტურნირი არ გამოუტოვებია. გუნდი 4-ჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და 2002-2014 წლებში ზედიზედ ოთხ მუნდიალზე მინიმუმ ნახევარფინალში გადიოდა. წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ჯგუფში ჩარჩა.

გერმანიამ კატარში მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური პირველმა მოიპოვა იმ 31 ნაკრებს შორის, რომლებმაც საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარეს.

გერმანიის ნაკრებმა დიდ ტურნირებზე ბოლო 9 მატჩიდან (ევრო 2016-ის ნახევარფინალიდან მოყოლებული) 6 წააგო.

გერმანია ბოლო სამი დიდი ტურნირის პირველ შეხვედრაში დამარცხდა - 2018 წლის მუნდიალზე, ევრო 2020-ზე და მიმდინარე მუნდიალზე.

გერმანიის ნაკრებს მუნდიალზე ბოლო ოთხი მატჩიდან 3 წაგებული აქვს, მათ შორის ბოლო 2 ზედიზედ (2018 წლის მუნდიალის ჩათვლით).

ესპანეთის ნაკრებს 2010 წლის შემდეგ, როცა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, პლეი-ოფში თამაში არ მოუგია. „ფურია როხა“ 2014 წელს ჯგუფში ჩარჩა, ხოლო 2018 წელს მერვედფინალში რუსეთთან დამარცხდა.

ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-16-ედ თამაშობს და წინა 15 შემთხვევიდან, მეოთხედფინალური ეტაპი ერთადერთხელ გადალახა - მაშინ, როცა ჩემპიონი გახდა (2010 წელს). ამგვარად, "ფურია როხა" მუნდიალზე საუკეთესო ოთხეულში ერთხელ გავიდა და ჩემპიონობაც მოიპოვა.

გერმანია და ესპანეთი ერთმანეთს აქამდე 25-ჯერ შეხვედრიან და ძალიან მცირე უპირატესობა ალემანთა მხარესაა: 9 მოგება, 8 ფრე, 8 წაგება.

თუმცა, ბოლო 7 მატჩიდან გერმანიამ ესპანეთი ერთადერთხელ დაამარცხა. 2014 წლის 18 ნოემბერს ამხანაგურ მატჩში (2 ფრე, 4 წაგება).

ბოლოს ეს გუნდები ერთა ლიგაზე 2020 წლის 17 ნოემბერს შეხვდნენ და ორი წლის წინანდელი დაპირისპირება გერმანიისთვის კოშმარული გამოდგა - 0:6 წააგო.

მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანია და ესპანეთი ერთმანეთს აქამდე ოთხჯერ შეხვდნენ: 1966 და 1982 წელს გერმანიამ 2:1 მოიგო, 1994 წელს ფრე დაფიქსირდა (1:1), ხოლო 2010 წელს, ნახევარფინალში ესპანეთმა იმარჯვა 1:0.

მათი გზები ევროპის ჩემპიონატზეც გადაკვეთილა: 1976 წელს 1:1 და 2:0 გერმანიის სასარგებლოდ, 1984 წელს ესპანეთმა 1:0 მოიგო, 1988 წელს უკვე გერმანიას დარჩა მოგება (2:0), ევრო 2008-ის ფინალი „ფურია როხას“ გამარჯვებით დასრულდა (1:0).

სავარაუდო შემადგენლობები

27 ნოემბერი, 23:00 საათი

ალ ხორი, „ალ ბაით სთედიუმი“

ესპანეთი (4-3-3): სიმონი; ასპილიკუეტა, როდრი, ლაპორტი, ალბა; პედრი, ბუსკეტსი, გავი; ფერან ტორესი, ასენსიო, დანი ოლმო

გერმანია (4-2-3-1): ნოიერი; სულე, რიუდიგერი, შლოტერბეკი, რაუმი; კიმიხი, გიუნდოგანი; გნაბრი, მიულერი, მუსიალა; ჰავერცი

0.116377