ფეხბურთი

22:08 | 24.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს რეკორდი და პორტუგალიის ნაკრების დრამატული გამარჯვება

კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი რეკორდი დაამყარა - ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ხუთ სხვადასხვა მსოფლიოს ჩემპიონატზე გოლი გაიტანა. ამაზე უფრო ვრცლად ქვემოთ, მანამდე ვთქვათ, რომ პორტუგალიის ნაკრებმა მუნდიალზე წარმატებული სტარტი აიღო და განის ნაკრები 3:2 დაამარცხა.

თამაში ანგარიშიდანაც ჩანს, რომ ძალიან დაძაბული იყო და სრულად ასახავს იმას, რაც მოედანზე ხდებოდა. პირველი ტაიმი მოსაწყენი გამოდგა და უგოლოდ დასრულდა, ხოლო ანგარიში 66-ე წუთზე გაიხსნა. რონალდუმ პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე ზუსტად შეასრულა. კრიშტიანუმ 2006, 2010, 2014, 2018 და ახლა უკვე 2022 წლებში შეძლო მუნდიალზე გატანა და სხვას არავის აქვს ხუთ მსოფლიოს ჩემპიონატზე გოლი გატანილი. მთლიანობაში კრიშტიანუს ანგარიშზე 8 გოლია, ყველა ჯგუფურ ეტაპზე და არცერთი პლეი-ოფში.

რონალდუს გოლმა თამაში გახსნა და ძალიან საინტერესოდ განვითარდა მოვლენები. 73-ე წუთზე განელებმა გაათანაბრეს: ანდრე აიუმ დაცვის შეცდომით ისარგებლა. თუმცა, 7 წუთის შემდეგ პორტუგალია ორბურთიან უპირატესობას ფლობდა. ორჯერვე განელებმა ბურთი დაკარგეს და მერე დაცვამ გადაწყობა ვერ მოასწრო - შედეგად, ჯერ ჟოაო ფელიქსმა გაიტანა, მერე რაფაელ ლეაომ.

მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი ჩანდა, განამ გაიბრძოლა. 88-ე წუთზე ოსმან ბუკარიმ თავური დარტყმით შეამცირა სხვაობა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე კინაღამ ანგარიში გათანაბრდა. პორტუგალიელთა მეკარე დიოგო კოშტამ უყურადღებოდ ითამაშა - მას ზურგს უკან ინიაკი უილიამსი ჰყავდა, რომელიც ვერ შეამჩნია და ბურთი ხელიდან მიწაზე დააგდო, რომ დრო გაეყვანა და შორს დაერტყა, მაგრამ ინიაკი უკნიდან მიეპარა, ბურთი წაართვა და ცარიელ კარში უნდა გადაეგზავნა ბურთი, როდესაც პორტუგალიელთა საბედნიეროდ ინიაკის ფეხი დაუცდა...

ამრიგად, პორტუგალიამ მოიგო, დრამატულად და მძიმე ბრძოლაში, მაგრამ იდეალური შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია.

მეორე ტურში პორტუგალიის ნაკრები ურუგვაის, ხოლო განა სამხრეთ კორეას დაუპირისპირდება.

პორტუგალია - განა 3:2 (0:0)

დოჰა, „სთედიუმ 974“

პორტუგალია (4-3-3): დიოგო კოშტა; კანსელუ, რუბენ დიაში, პერეირა, გერეირო; ბერნარდო სილვა, ნევეში (ლეაო 77), ბრუნო ფერნანდეში (პალინია 88); ოტავიო (კარვალიო 56), რონალდუ (რამოში 88), ჟოაო ფელიქსი (ჟოაო მარიო 88)

მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში

განა (5-4-1): ატი-ზიგი; სეიდუ (ლამპტი 66), ჯიკუ, ამარტეი, სალისუ (სემენიო 90), ბაბა; კუდუსი (ბუკარი 76), პარტეი, აბდულ სამედი (კეირე 90), ა. აიუ (ჯ. აიუ 77); უილიამსი

მწვრთნელი: ოტო ადო

გოლები: 1:0 რონალდუ (65, პენ), 1:1 ა. აიუ (73), 2:1 ჟოაო ფელიქსი (78), 3:1 ლეაო (80), 3:2 ბუკარი (89)

გაფრთხილება: პერეირა (90), ბრუნო ფერნანდეში (90) - კუდუსი (45), აიუ (49), სეიდუ (57), უილიამსი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 8 (3) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: ისმაილ ელფატი (აშშ)

0.111006